პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.
მისი თქმით, ტერორისტული დაჯგუფების წევრები, საქართველოში ტურისტების სტატუსით ჩამოვიდნენ. ისინი ხშირად ჩადიოდნენ პანკისში და გამორიცხული არ არის, რომ დაკავებულების გარდა, კიდევ ბევრ სხვა ადგილობრივსაც იცნობდნენ.
„ჩვეულებრივად დადიოდნენ მეჩეთში, ლოცულობდნენ და ა.შ. ეს არის ზოგადი ინფორმაცია. აი ეს ამ ადამიანებს ვინ იცნობდნენ, ვის ესალმებოდნენ, ვისთან ერთად ლოცულობდნენ, ვისთან ერთად გადაადგილდებოდნენ, აი ამ კუთხით მოხდა უკვე გამოძიების დაწყება. ისინი ჩამოსულები იყვნენ და ცხოვრობდნენ საქართველოში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ისინი შემხებლობაში იქნებოდნენ ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან. არა მხოლოდ ახალგზარდასთან, პანკისის მკვიდრთანაც, ქართველებთანაც. ვინაიდან ისინი საქართველოში ცხოვრობდნენ. თუ ჩვენ მათ ყოველ კავშირზე გავალთ რამდენ ადამიანთან ჰქონდათ მათ სატელეფონო საუბარი ან რამდენ ადამიანს სთხოვეს მათ მისვლა და თვითდანუნებურად ამ ადამიანებმა გაუწიეს დახმარება, მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რომ ესენი იყვნენ ტერორისტები, მაშინ შეიძლება რომ მოგვიწიოს ათასობით ადამიანის დაკავება,“-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.