პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან საპარლამენტო ოპოზიციას კითხვები აქვს.
“ეს არ არის მოვლენა, ეს არის კანონით გათვალისიწინებულო პროცესი. უნდა მოვიდნენ მაღალი თანამდებობის პირები მათ შორის გომელაური, პრემიერმინისტრი და უპასუხონ კითხვებს, რადგან არსებობს ეჭვები, რომ ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. ამაზე პასუხი უნდა აგონ თანამდებობის შესაბამისმა პირებმა. ვითხოვთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც გრიფი “საიდუმლო” არ ადევს და რომელზეც საუბარი საჯაროდ დასაშვებია”, – თქვა “ევროპული საქართველოს” წევრმა გორგი კანდელაკმა.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ექიმების კონსილიუმზე ითქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირება დასშვებია.
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუს-მა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.