ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჰქონდა თუ არა ადგილი სექსუალურ შევიწროებას, არ დასტურდება”: რამიშვილი სასამართლოს გადაწვეტილებაზე

მსახიობ თათია სამხარაძის მიმართ სექსუალური შევიწროების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას „მეტრონომთან“ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი აფასებს.

რამიშვილი ამბობს, რომ ჯერ ცნობილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და თავად ქმედება – ჰქონდა თუ არა ადგილი სექსუალური შევიწროების ფაქტს, არ დასტურდება.

„ჯერ ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, სადაც ითქვა ორი წინადადებით, რომ სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და დამეკისრა თანხა.

თვითონ ქმედება, ჰქონდა თუ არა ადგილი სექსუალური შევიწროების ფაქტს, არანაირად არ დასტურდება იურიდიულად. მასზე არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, აქ ყველაფერი იქნება ნათქვამი სამოტივაციო ნაწილის შემდეგ, რომელიც რამდენიმე კვირაში უნდა იყოს. შესაბამისად, დაველოდოთ სამოტივაციო ნაწილს“- უთხრა რამიშვილმა „მეტრონომს“.

ხოლო „მეტრონომის“ კითხვაზე, აბა რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ სასამართლომ მას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა, რამიშვილი პასუხობს, რომ არ იცის, „სასამართლომ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, რატომ, რა ნაწილში უნდა მისცეს ქმედებას იურიდიული კვალიფიკაცია“ – ამბობს ის.

რამიშვილი თათია სამხარაძის ადვოკატ, კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელ ბაია პატარაიაზე ამბობს, რომ ის მხარეა და თავის თავს მისცა უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის ასეთი ინტერპრეტაცია მიეცა.

„სასამართლომ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს რატომ, რა ნაწილში უნდა მისცეს ქმედებას იურიდიული კვალიფიკაცია. დანარჩენი არის მკითხაობა და სასურველ რეალობად გასაღება. მე ყველას ვურჩევდი, ვისაც იურისპუნდეციასთან საქმე აქვს, დაელოდოს სამოტივაციო გადაწყვეტილებას, სადაც შავით თეთრზე ეწერება ყველაფერი – იყო თუ არა დისკრიმინაცია, იყო თუ არა სექსუალური შევიწროება და ა.შ.“ – აღნიშნა რამიშვილმა „მეტრონომთან“.

როგორც ბაია პატარაიმ “მეტრონომს” უთხრა, რამიშვილის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტი სასამართლომ დაამტკიცა და მას მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით დააკისრა.

პატარაია აღიშნავს, რომ მათ ჯერ სასამართლოს მთლიანი გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ. მისი ვარაუდით, სასამართლომ რამიშვილს მატერიალური ზიანის ანაზღაურება იმიტომ არ დააკისრა და ადვოკატების აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმყაოფილა, რომ სამხარაძისთვის ხელფასის გადამხდელი რამიშვილი არ ყოფილა.

“ყველაზე მთავარი არის ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი გავრცელდა სექსუალურ შევიწროებაზეც და სასამართლომ ფაქტი დაამტკიცა, ასევე მორალური ზიანიც დააკისრა რამიშვილს.

აღნიშნული საქმე პრეცედენტულია თავისი შინაარსით და პირველია ჩვენს სამართლებრივ ისტორიაში“ – აღნიშნა ბაია პატარაიამ „მეტრონომთან“.

2016 წლის აპრილში შალვა რამიშვილის მიერ მისი ტელე „იმედიდან“ გათავისუფლებასა და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ის თათია სამხარაძეზე („ტასო ბარნოვა“) სექსუალური ხასიათის შევიწროებას ახდენდა, სპეციალური ბრიფინგი ”ქალთა მოძრაობამ“ გამართა, სადაც თათია სამხარაძემ დაადასტურა შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური ხასიათის შევიწროება. ბრალდებების შემდეგ შალვა რამიშვილი ტელე „იმედიდან“ გაუშვეს და აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს. თათია სამხარაძის თქმით, მას ჰქონდა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერიც. თავად შალვა რამიშვილი უარყოფდა მისი მხრიდან თათია სამხარაძის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტს.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....