ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანში სირიის სცენარით მოვლენების განვითარება არც რეგიონს და არც საქართველოს არ წაადგება”

უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი და გენერალი ამირან სალუქვაძე”მეტრონომთან” საუბარში, ირანში შექმნილ სიტუაციას აფასებს. მისი თქმით, ირანში შიდა პრობლემები იმდენად მწვავეა, რომ მან ქვეყნის შიქნით უმართავი სიტუაცია შექმნა.

გენერალი ამბობს, რომ ამერიკის ჩარევა აქ ნაკლებად შეიმჩნევა და ეს ვერსია უფრო რუსეთის მხრიდან არის შემოგდებული. სალუქვაძის განცხადებით, ირანში როგორც  ადამიანის იფლებების კუთხით, ასევე ეკონომიკური პრობლემები არსებობს,  რაც ქვეყნის მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. სალუქვაძის თქმით,  ამ პრობლემებს ამერიკაც და ისრაელიც თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს.

“ტრამპის განცხადება, რომ ირანში ცვლილებების დროა და ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს აქციები ამერიკის ორგანიზებულია. თუმცა ნებისმიერი ქვეყანა ამ პრობლემებს სათავისოდ გამოიყენებს. ცარიელ ადგილას საპროტესტო აქციები არ იწყება. თუ სახელმწიფოში პრობლემები არ არის, ასეთი აქციების ორგანიზებას ვერავინ მოახერხებს.

ჯერჯერობით, მაინც ვფიქრობ, რომ ირანში სიტუაცია რევოლუციური სცენარისკენ არ წავა. ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ სიტუაცია გააკონტროლოს. რა თქმა უნდა,  არ არის სასურველი სიტუაცია სამოქალაქო ომისკენ წარიმართოს. ირანში სირიის სცენარით მოვლენების  განვითარება არც რეგიონს და არც საქართველოს არ წაადგება. მთლიანად კავკასიაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.

გამორიცხული არაფერი არ არის, რუსეთმაც შეიძლება შექმნილი სიტუაციით ისარგებლოს. სომხეთში რუსული ბაზებია განლაგებული, ამიტომ არავინ იცის, რას  როგორ გამოიყენებენ. ასევე სიტუაცია აზერბაიჯანშიც აირევა, რადგანაც ირანთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობაში იმყოფებიან.  მინიმუმ საფრთხე რაც შეიძლება ამ სიტუაციით გამოწვეული იყოს, ეს მიგრაციაა, რომელიც არც ჩვენს ქვეყანას არ წაადგება”,-აცხადებს “მეტრონომთან” სალუქვაძე.

მისივე თქმით, ყველასთვის სასურველია, რომ ირანში სიტუაცია მშვიდობიანად განვითარდეს. გენერლის აზრით, სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე, არავინ იცის  როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. სალუქვაძე ამბობს, რომ ირანი სირია არ არის და ის როგორც სამხდრო, ასევე ეკონომიკური პოტენციალით მას ბევრად აღემატება. ამიტომ, ირანი ასეთი ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის და ამ შემთხვევაში სწორ ანალიზს ვერცერთი ექსპერტი ვერ გააკეთებს, რადგანაც  მოვლენები შესაძლოა, ყოველ წუთს, ელვის სისწრაფით განვითარდეს.

შეგახსენებთ, რომ ირანის დიდ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება, რომლის მონაწილეებიც, ფასების ზრდას, კორუფციას და ქვეყნის შიდა პრობლემებს აპროტესტებენ. აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო, შედეგად კი 20-მდე ადამიანი დაიღუპა.

იტვირთბა....