აღმოსავლეთმცოდნე და ექსპერტი ვასილ პაპავა “მეტრონომთან” საუბარში, ირანში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, ამერიკა და ისრაელი ირანში შექმნილ ნებისმიერ სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებს. ექსპერტის აზრით, პროტესტს პირველ რიგში, შიდა და გარე ფაქტორები გააჩნია.
პაპავა ფიქრობს, რომ ირანში დესტაბილიზაცია და სამოქალაქო ომი რეგიონს საკმაოდ რთულ სიტუაციაში ჩააყენებს და ეს საქართველოსთვის სასარგებლო არ იქნება. პაპავა ამბობს, რომ მართალია ამერიკა და ისრაელი ირანის შუაგულში აჯანყებას ვერ მოაწყობს, თუმცა ქვეყნის პერიფერიებზე სიტუაციის დესტაბილიზაციას შეეცდება.
ექსპერტი ამბობს, რომ ჩარევა ძირითადად აზერბაიჯანში, ქურთისტანში და ხუზისტანში მოხდება, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სუნიტებით არის დასახლებული. პაპავა ვარაუდობს, რომ პროვოკაციების მოწყობა, ასევე ავღანეთის საზღვართანაც არის შესაძლებელი.
“ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ირანში სიტუაცია რევოლუციური სცენარით განვითარდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სასულიერო პირები მართავენ, რომლებსაც ულევი ფინანსური რესურსი და გავლენა აქვთ, შეუძლებელია, რომ თუნდაც ამერიკის ან ისრაელის გავლენით, მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება მოხდეს. სასულიერო პირებს ასევე სამხედრო ძალა ემორჩილებათ,ხოლო მოგეხსენებათ, რომ ირნი სირია არ არის და მისი არმია საკმაოდ ძლიერია. ასე, რომ აქ თუ სამოქალაქო ომი დაიწყო, სიტუაციის გაკონტროლება საკმაოდ რთული იქნება.
რაც შეეხება რეგიონს, ეს არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაძაბავს. ირანში მაშინ ანტირელიგიური აქციები უნდა დაიწყის, რაც გამორიცხულია. იქ რელიგია და რწმენა საკმაოდ მაღალ სიმაღლეზეა და მოსახლეობის დიდი ნაწილი შიიტებით არის დასახლებული. მუსლიმანურ ქვეყანაში ათეისტური ხელისუფლების მოსვლა სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს და უკურექციას გამოიწვევს.
რაც შეეხება თავად აქციებს, თუ დავაკვირდბით, ვნახავთ, რომ ეს არის სპონტანურად დაწყებული აჯანყება და მას ლიდერი არ ჰყავს, შესაბამისად, ამ აქციებს ნაკლებად ველი, რომ განვითარება ექნება. ეს სიტუაცია უფრო სამოქალაქო ომში გადაიზრდება და რეგიონს საერთოდ მოშლის”,-აცხადებს პაპავა “მეტრონომთან”.
მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა ირანი რეგიონში სტაბილიზაციის ფაქტორს თამაშობს. ამიტომ იქ სიტუაციის არევა არც რუსეთს და მათ შორის, არც საქართველოს არ აწყობს. თუ იქ სიტუაცაი დაიძაბა, არავინ იცის რუსეთი რას მოიმოქმედებს. ექსპეტი ამბობს, რომ ირანში სიტუაციის არევა, პარალელურად აზერბაიჯანის აფეთქებას გამოწვევს, რადგანაც მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი შიიტია.
შეგახსენებთ, რომ ირანის დიდ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება, რომლის მონაწილეებიც, ფასების ზრდას, კორუფციას და ქვეყნის შიდა პრობლემებს აპროტესტებენ. აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო, შედეგად კი 20-მდე ადამიანი დაიღუპა.