პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, აშშ-დან მოწვეული ექიმი თბილისში უკვე ჩამოვიდა. მისივე თქმით მისი შვილის მდგომარეობა კვლავ უმძიმესია და ჯერჯერობით ჯანმრთელობის გაუმჯობესება არ შეიმჩნევა.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ექიმის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. მისივე თქმით ბოლო 24 საათის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა – არც გაუარესებულა და არც დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.