პიროტექნიკით დაზარალებულების რაოდენობა საავადმყოფოებში იზრდება. არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მარიამ ჯაშმა:
“აუცილებელია პიროტექნიკის რეგულაციების გადახედვა და გაუმჯობესება. განწყობა პირადად მე ძალიან გამიუფერულა პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვების ისტორიების ნახვამ. საბედნიეროდ, ფატალურ შედეგებს ავცდით, მაგრამ არაერთმა ბავშვმა ურთულესი ტრავმული დაზიანებები მიიღო და საუკეთესოდ ნამდვილად ვერ დაამახსოვრდებათ 2018 წელთან შეხვედრა.
არსებული კანონის აღსრულების მექანიზმები რომ გასაძლიერებელია და ყველა პროდუქციაზე ქართულ ენაზე უნდა იყოს დატანილი შესაბამისი ინსტრუქცია – ეს პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. ევროკავშირის დირექტივებსა და რამდენიმე ქვეყნის რეგულაციებში მკაცრად არის განსაზღვრული ასაკობრივი ზღვარი სხვადასხვა კატეგორიის პიროტექნიკის შესაძენად, რაც საქართველოს კანონმდებლობაში არ არის ასახული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე ბავშვების, მოზარდებისა და მშობლების ინფორმირებულობა პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე.
საკითხი საკმაოდ კომპლექსურია. რეგულაციების შემუშავება და დახვეწა არ იქნება მარტივი და მოითხოვს სხვადასხვა სექტორთან მუშაობას, თუმცა ეს კონსულტაციები უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება დროულად.
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ჩემს კოლეგებთან ერთად განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში პირველ საკონსულტაციო შეხვედრას გავმართავთ აღნიშნულ თემაზე და პროცესში ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს.
2019 წლამდე საკმარისი დრო გვაქვს, რომ მივიღოთ შესაბამისი დამატებითი რეგულაციები პიროტექნიკის რეალიზაცია-მოხმარებასთან დაკავშირებით და ასევე გაძლიერდეს არსებული რეგულაციების აღსრულების მექანიზმები.
გთხოვთ თუკი რომელიმე პირს ან ორგანიზაციას გაქვთ ამ პროცესში ჩართვის სურვილი 8 იანვრის კვირაში დაუკავშირდეთ ჩვენი კომიტეტის აპარატს 22289173 (ქუთაისი), 2281513 ან 2281503 (თბილისი) ან მოგვწეროთ nkhvichia@parliament.ge, ngulua@parliament.ge”.
შეგახსენებთ, პიროტექნიკის მოხმარების გამო საავადმყოფოში 45-მდე დაზარალებული მიიყვანეს და მათ შორის 21 ბავშვია. სამწუხაროდ, ერთ-ერთ დაზარალებულს თითების ამპუტაციაც კი გაუკეთეს.