2018 წლიდან ე.წ. ფორმა N3 ელექტრონული ფორმით იცვლება. რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით განხორციელდება, ეტაპობრივად კი მთელ საქართველოს მოიცავს. 2018 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ის კლინიკები ვეღარ ჩაერთვებიან, რომლებიც ელექტრონული რეცეპტის გამოწერის პრაქტიკაზე არ გადავლენ.
ამ პროცესს წინ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვის მომზადება უძღოდა. ხედვა 2030 წლისთვის საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას ასახავს.
ხედვის მიხედვით, გამკაცრდება საკანონმდებლო კონტროლი და სანქციები მედიკამენტების მარკეტინგზე, სპონსორობაზე, ექიმების საჩუქრებზე, სავალდებულო გახდება ელექტრონული რეცეპტები, რითაც ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სია გაკონტროლდება.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, სამინისტრო მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან ითანამშრომლებს, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან.
დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული.