საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გასული წელი შეაფასა და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„2017 წელს გვიწევდა პრეზიდენტის ინსტიტუტის და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა არა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან, არამედ იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანა ხდება სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები არის დაცული. ეს დაცვა გვიწევდა სრულიად ხელოვნურად ინიცირებული პროცესის, საკონსტიტუციო ცვლილებების დროს. კონსტიტუცია არ მიიღო არც ქართულმა საზოგადოებამ, არც მე და გამოვიყენე ვეტოს უფლება. ამავე დროს, როგორც ყველა ნორმალურ საზოგადოებაში, ჩვენ ვვითარდებოდით, ეკონომიკური პარამეტრები უფრო უკეთესია ვიდრე ველოდით მანამდე. ვსაუბრობ პარამეტრებზე, თუმცა მე არ ვამბობ, რომ ცხოვრება უკეთესი გახდა. ნამდვილად გადავდგით ნაბიჯი წინ ვიზალიბერალიზაციის მეშვეობით. 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე და მინდა, რომ თავისუფლებაზე, რომელიც გულისხმობს იმის გააზრებას, რა უნდა ვაკეთოთ, ამ ძირითადზე შევთანხმდეთ და ამ ძირითადისკენ ვიმოძრაოთ უფრო გაერთიანებულად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ხურვალეთში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.