ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანში მასობრივი აქციები პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. არის მსხვერპლიც. საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.

მსხვერპლის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი აქტივისტები ჩანან. კადრები ქალაქ დორუდშია გადაღებული.

არეულობის შესახებ იტყობინებიან სხვა ქალაქებიდანაც. როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, მომიტინგეებმა პოლიციელების მანქანებს წაუკიდეს ცეცხლი და სამთავრობო შენობებში შეჭრას შეეცადნენ.

ირანში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე მეოთხე დღეს მიმდინარეობს. აქციების ტალღა ერთ-ერთ ქალაქში პროდუქტების გაძვირების გამო დაიწყო, რამდენიმე დღეში კი მთელ ქვეყანას მოედო და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა.

საპროტექტო აქციების მონაწილეები კორუფციას, ინფლაციას, ისლამური სასულიერი ხელისუფლების ქმედებებს და საგარეო პოლიტიკას აპროტესტებენ. ბოლოს ირანში ასეთი ხალხმრავალი აქციები 2009 წელს გაიმართა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში მაჰმუდ აჰმადინეჯადის გამარჯვებას აპროტესტებდნენ.

დემონსტრაციებზე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და პოლიციის მხრიდან განუკითხაობის აღკვეთის მოთხოვნებიც გაისმა. ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან მიტინგზე ქალაქ მეშჰედში 52 ადამიანი დააკავეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უმდიდრესი ქვეყანა, რომელსაც მდიდარი ისტორია და კულტურა აქვს, ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო, რომლის მთავარი საექსპორტო პროდუქტი ძალადობა, სისხლისღვრა და ქაოსია.

„აშშ გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებებს. ჩვენ ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ ღიად დაუჭირონ მხარი ირანელი ხალხის მოთხოვნებს ადამიანის უფლებების დაცვის და კორუფციის წინააღმდეგ,“- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ირანის ეკონომიკა რეცესიიდან გამოვიდა და ინფლაცია შემცირდა, უმუშევრობის დონე ქვეყანაში კვლავ მაღალია, ბიზნესში კი ინვესტიციების ნაკლებობაა. BBC-ის მონაცემებით, ბოლო ათწლეულში საშუალო ირანული ოჯახი 15%-ით გაღარიბდა.

ქვეყნის პრეზიდენტს ჰასან როუჰანის ეკონომიკური პრობლემების მოგვარების იმედი აშშ-თან და 5 სხვა სახელმწიფოსთან დადებული ბირთვული შეთანხმების შემდეგ ჰქონდა, რომელიც 2015 წელს გაფორმდა. ეს შეთანხმება ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნაზე უარის თქმის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. თუმცა აშშ-ის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს ხელშეკრულება საფრთხის ქვეშაა. დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებას ფანატიკური რეჟიმი უწოდა და შეთანხმების გადახედვის პირობა დადო.

იტვირთბა....