ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„მეტრონომის“ გამოკითხვა: ვინ არის წლის პოლიტიკოსი (ვიდეო)

„მეტრონომმა“ წლის შემაჯამებელი გამოკითხვა, როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტოლოგებში ჩაატარა. რესპოდენტებს მივმართეთ შემდეგი კითხვით  – ვის დაასახელებდით წლის დადებით და უარყოფით პოლიტიკოსად? ბევრმა ექსპერტმა ჩვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად თავი შეიკავა, თუმცა ვინც დაგვთანხმდა, მათაც მხოლოდ დადებით პოლიტიკოსებზე გააკეთეს აქცენტი და უარყოფითად თითქმის მთელი პოლიტიკური ელიტა მოიაზრეს. პოლიტოლოგებში დადებით პოლიტიკოსებს შორის კახი კალაძე, გიორგი გახარია და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფიგურირებენ.

ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 100 გამოკითხულიდან, 35% მიიჩნევს, რომ წლის დადებითი პოლიტიკოსი თბილისის მერი კახა კალაძეა, რადგან ის ორიენტირებულია თბილისზე და იმ ყველაფერს, რასაც აკეთებს, პირადი ფინანსების გაზრდისთვის არ იყენებს.

30% კი თვლის, რომ წლის დადებითი პოლიტიკოსი მიუხედავად მის გარშემო ატეხილი აურ-ზაურისა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, ნიკა მელიას შორის დაპირისპირებისას კვირიკაშვილმა ოპონენტს  შეაგინა, პარლამენტში, უმცირესობასთან შეხვედრის დროს,  მედიის თანდასწრებით.

20% თვლის, რომ წლის დადებითი პოლიტიკოსის ტიტულს არავინ იმსახურებს, რადგან ვერც ერთმა გაართვა სამუშაოს თავი ღირსეულად. 10%-ს მიაჩნია, რომ წლის პოლიტიკოსი შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი გახარიაა.

3% ამბობს, რომ წლის დადებითი პოლიტიკოსი სასჯელაღსრულების მინისტრის კახი კახიშვილია, ხოლო 2%-ის თქმით კი ამ ტიტულს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი იმსახურებს.

რაც შეეხება წლის უარყოფით პოლიტიკოსს, 45% ამბობს, რომ ასეთი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაა. ხოლო 30% თვლის, რომ წლის ანტი-გმირი გიგა ბოკერიაა. 20%-მა აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკოსი წელს უარყოფითია.  ხოლო 5%-მა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მისთვის წლის პოლიტიკოსი თბილისის მერი კახი კალაძეა: მან არჩევნებში გამარჯვება შეძლო, ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მონაწილეობის გარეშე. ლაგაზიძეს მიაჩნია, რომ კალაძეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია და უშუალო კონტაქტი არ უჭირს.

ამიტომაც, მისი თქმით, ამ ნიშნით, აგრეთვე, თავისი აქტიურობით და ენერგიულობით, ის „ქართული ოცნების“ დანარჩენი პოლიტიკოსებისგან განსხვავდება. ლაგაზიძე მიესალმება კალაძის ინიციატივას, რომ სპეციალური საიტი შეიქმნას, სადაც მოქალაქეებს ქალაქის  პრობლემების განთავსება შეეძლებათ, რაზეც შესაბამისი უწყებები ოპერტიულ რეგირებას მოახდენენ.

„კალაძის საქმიანობა მოკლედ რომ შევაჯამოთ, მას თავისი „მეოცნებე“ კოლეგებისგან განსხვავებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის კარგი უნარი აქვს და მართვის თანამედროვემეთოდების პოლიტიკაში  შემოტანის მცდელობა სურს. ვნახოთ, როგორი იქნება მისთვის 2018 წელი, ვფიქრობ მას მიღწევებზეი უფრო მეტი გამოწვევები ელოდება.

წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ მთავრობაში გამოჩნდა საკმაოდ საინტერესო ფიგურა შინაგან საქმეთა მინისტრის სახით. გიორგი გახარია ერთგვარად კალაძის საპირწონე ფიგურადაც განიხილება. გახარია, როგორც კალაძე, თავისი კომუნიკაბელურობით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

გახარია „ოცნებისთვის“ უჩვეულო რეფორმატორული იდეებით შემოვიდა და წამყვან პოსტებზე რამდენიმე საინტერესო პროფესიონალი მიიწვია, რაც იმის ნიშანია, რომ „ოცნების“ სხვა თანამდებობის პირებისგან განსხვავებით, მას პროფესიონალების არ ეშინია, მაგრამ მისი მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ქვეყანაში რამდენიმე ტრაგიკული და ყურადსაღები მოვლენა ერთმანეთს მოულოდნელად მიჰყვა: ანტიტერორისტული ოპერაცია თავისი პანკისის ფაზით და ა.შ. ამ და სხვა ბოლოდროინდელ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებები მოწმობს იმას, რომ ამ სტრუქტურის შიგნით ფესვგადგმული სისტემა შეეცდება გახარიას შეცდომები დააშვებინოს და საკუთარ მძევლად აქციოს“, – აცხადებს ლაგაზიძე „მეტრონომთან“.

რაც შეეხება წლის ნეგატიურ პოლიტიკოსს, მისი თქმით, უარყოფითი დამოკიდებულება ძალიან ბევრი პოლიტიკოსის მიმართ არსებობს, თუმცა წლის ბოლოს საზოგადოებას თავი ყველაზე მეტად, მელიასთან კონფლიქტით პრემიერმა დაამახსოვრა.

ლაგაზიძე ამბობს, რომ პრემიერისთვის ყველაზე მძიმე კორუფციასა და ტენდერების სკანდალებში ბრალდება აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც მას ნებისყოფამ უმტყუნა. პოლიტოლოგის აზრით, აშკარად გამოჩნდა, რომ ის იმ ფსიქოლოგიური სტრესისთვის მზად არ იყო, რომელიც მან ბოლო ერთი თვის მანძილზე გამოიარა.

პოლიტოლოგის განცხადებით, ძალიან ცუდია, როდესაც მთავრობის ლიდერი აცხადებს, რომ მან საკუთარი ღირსება გინებით დაიცვა, ამიტომ ლაგაზიძეს მიაჩნია, რომ ეს წელი კვირიკაშვილისთვის მინუს ნიშნით დამთავრდა. და მას ამ კუთხით, წელს, „ბადალი“ არ ჰყავს.

პოლიტოლოგი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ დადებით პოლიტიკოსებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა გვაქვს, რაც ადგილობრივმა არჩევნებმაც ნათლად დაგვანახა. მისი აზრით, ქართული პოლიტიკური ელიტა სრულიად გაკოტრებულია და საზოგადოება ვერცერთ მათგანში დადებით თვისებებს ვერ ხედავს.

ხუხაშვილის აზრით, ამ გაკოტრებულ პოლიტიკურ ელიტაში მეტ-ნაკლებად ყველაზე დადებით პოლიტიკოსად მაინც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოიყურება. ხუხაშვილის აზრით, მართალია იდიალური არც ის არ იყო, თუმცა სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მას სერიოზული გადაცდომა არ ჰქონია.

„ამ გაუგებრობასა და აურზაურში, ჩემი აზრით, ყველაზე ადეკვატურად მაინც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოიყურება. მართალია იდეალური არც ის არ იყო, თუმცა ის უფლებები, რაც მას გააჩნია, მეტი სხვა რამის უფლებას მაინც არ აძლევს. მისი ერთადერთი კონკურენტი შესაძლებელია გიორგი კვირიკაშვილი ყოფილიყო, თუმცა, მისი ბოლო საახალწლო „კეთილი მილოცვა“, მისი ავტორიტეტისთვის ფატალურად დასრულდა.

რაც შეეხება განსაკუთრებულ ნეგატივს, აქაც ვერავის კონკრეტულად ვერ გამოვყოფ. ეს წელი იმით გამოირჩეოდა, რომ პოლიტიკაში  არც განსაკუთრებულად ნეგატიური და არც განსაკუთრებულად დადებითი არაფერი მომხდარა. ეს იყო სტაგნაციის წელი და ყველა პოლიტიკური ელიტა ერთ ქვაბში მოიხარშა. სამწუხაროდ, ეს ქვაბი მაინც და მაინც სამოთხეში არ დგას“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა „მეტრონომთან“.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დადებითი პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი ახალი მინისტრი გიორგი გახარიაა. საყვარელიძე ამბობს, რომ გახარიას პარლამენტში გამოსვლა მისთვის საკმაოდ საინტერესო  აღმოჩენა იყო, სადაც ჩანდა, რომ მინისტრი, როგორც ირიბად, ასევე პირდაპირ, სისტემაში არსებულ პრობლემებს აღიარებდა. ანალიტიკოსის აზრით, ეს  ქართულ პოლიტიკაში, საკმაოდ დადებითი მოვლენაა.

საყვარელიძე გახარიას შემდეგ, თბილისის ახალ მერს კახი კალაძეს ასახელებს, რომელიც მის თვალში საკმაოდ დადებით პოლიტიკოსად გამოიყურება.

„მართალია გიორგი გახარია და კახი კალაძე ახალ თანამდებობებზე ჯერ სულ რამდენიმე კვირაა რაც არიან, თუმცა საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო, სწორედ თავიდან გადადგმული ნაბიჯებია. ორივე პოლიტიკისომა სწორედ მოკლე დროში დაიწყეს საკუთარი ინიციატივების და იდეების განხორციელება, რაც საზოგადოებაში მათ მიმართ დადებით მუხტს ქმნის.

კალაძის მოქმედებებში ყველაზე საინტერესო და გაბედული ქმედება ის იყო, რომ მან მერიიდან ის ადამიანები გაათავისუფლა, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში გარკვეული კითხვები არსებობდა. ხოლო რაც მთავარია, ის მთელი ქართული „ოცნებისგან“ იმით განსხვავდება, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან საქმიან დონეზე აქვს დაყენებული.

ის ფაქტობრივად, საზოგადოებას ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის, რას და როგორ აკეთებს. მმართველ გუნდში საზოგადოებაზე ასე არავის უმუშავია, ან გადაჭარბებული ეპითეტებია, ან საერთოდ სიჩუმეა. კალაძის საზოგადოებასთან ურთიერთობა, ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის საკმაოდ დიდი სიუპრიზი იყო“, – ამბობს საყვარელიძე „მეტრონომთან“.

ნინი ცხადაია

ელზა პაპოშვილი

 

 

 

იტვირთბა....