“მეგობრებო, დათო საავადმყოფოშია, გული გაუხდა ცუდად”, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალ დათო ტურაშვილის შვილი, ანა ტურაშვილი წერს:
“მდგომარეობა ახლა სტაბილურია, უკეთებენ გამოკვლევებს, ღამე ტოვებენ იქ. მადლობა ყველას ყურადღებისთვის. იცით ყველამ მამაჩემის ემოციურობის ამბავი და გულის პრობლემებისაც. კულტურის სამინისტროში, როდესაც მწერლები ხვდებოდნენ კულტურის მინისტრს, მივიდა შსს მინისტრი და შეხვედრა გადაიზარდა ემოციურ სიტყვიერ კამათში, ამას მოყვა დათოს ცუდად გახდომა. მადლობა ყველას”-წერს ანა ტურაშვილი.
დავით ტურაშვილი, რომელიც გუშინ კულტურის და შს მინისტრებისა და მწერლების შეხვედრისას ცუდად გახდა, კვლავ „ნიუ ჰოსპიტალში“ იმყოფება და მკურნალობას აგრძელებს.
ტურაშვილი კლინიკაში გუშინ, კულტურის სამინისტროდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გუშინ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში მწერლებსა და მთარგმნელებს ხვდებოდა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარიაც შეუერთდა.