ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდის მე-15 საჯარო ბაღში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს სახალხო დამცველი სწავლობს

მშობელი ამბობს, რომ ზუგდიდის მე-15 საჯარო ბაღში აუტიზმის მქონე ბავშვი ბაღის მიერ ორგანიზებულ ახალი წლის ზეიმზე არ შეუშვეს. ამის შესახენ მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ გოგონას ზეიმზე დასწრების უფლება ბაღის გამგემ არ მისცა და კარი ჩაუკეტა.

“დღეს ვარ აღშფოთებული და სრულიად კოლაფსირებული როგორც დედა… დღეს ჩემი 4 წლის გოგონა გახდა უვიცი, უზნეო და ბეცი “ვაი-პროფესიონალების” დისკრიმინაციის მსხვერპლი…. მას შეუზღუდეს გართობის, სიცოცხლით ტკბობის, სიამოვნების უფლება, თანატოლებთან ერთად ახალი წლის ზეიმზე მონაწილეობის/დასწრების უფლება, მას ჩაურაზეს ის კარები, რომლის მიღმაც მისი ბავშვობაა, მისი მომავალია, მისი კეთილდღეობაა, ახალი წლის ზეიმმა საბავშვო ბაღში ნანუკას გარეშე ჩაიარა….. ის ჭუჭრუტანიდან ადევნებდა ზეიმს თვალს, იმ საშინელი რკინის კარის ჭუჭრუტანიდან…. (დავიბენი, ფოტო უნდა გადამეღო, როგორ ვერ ვაცილებდი კარებს და როგორ იდგა გამოპრანჭული გოგო, თავზე “ფერიას გვირგვინით”) და ზოგიერთი ვაი-პედაგოგი უემოციოდ ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს და სირცხვილის გრძნობაც არ ჰქონდა…. გამგემ ჩაკეტაო…. და ბოლოს მოვალეობის მოხდის მიზნით გაუგებარი სქესის თოვლის პაპამ ნაჩქარევად “მოგვიგდო” საჩუქარი…. მე მყავს 4 წლის აუტისტური სპექტრის მქონე გოგონა, რომლისთვისაც ბავშვობის წართმევის უფლებას არავის არ მივცემ”, – წერს მშობელი “ფეისბუქზე”.

სახალხო დამცველმა აღნიშნული ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო და მას ბაღების გაერთიანებაც გამოეხმაურა. ზუგდიდის მერის თქმით, თუ ბაღის რომელიმე თანამშრომლის მიერ გადაცდომა ან შეცდომა დაფიქსრიდა, ისინი კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

საბავშვო ბაღის გამგე გიული ზაქარაია ამბობს, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რადგან მშობელმა დაიგვიანა და გამგემ მას უთხრა, რომ ბავშვი მეორე ჯგუფთან ერთად გამოვიდოდა. მისი თქმით, ბავშვი ყურადღების მიღმა არ დაუტოვებიათ. რაც შეეხება დახურულ კარს, ბაღის მასწავლებელი ამბობს, რომ გასაღები დაიკარდა და კარი იმიტომ ვერ გააღეს.

იტვირთბა....