„კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის“ ხელმძღვანელი პანკის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგების გასაჯაროებასა და ერთ-ერთ ოჯახში აღმოჩენილი იარაღის შესახებ ინფორმაციის დადასტურებას ითხოვს. იდოგოვის განცხადებით, სუსი-ს მიერ დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მათ არ იცნობს. მისი თქმით, ეს ადამიანები ახმედ ჩატაევთან არც არასდროს უნახავს და მისთვის წარმოუდგენელია, რა საერთო შეიძლება მათ ერთმანეთთან ჰქონოდათ.
„არაფერი ვიცი იმ ადამიანებზე, რომელთა გვარებს სპეცოპერაციასთან კავშირში ასახელებენ. მათზე ახმედ ჩატაევის საქმესთან კავშირში არაფერი გამიგია, რიზვან ცეტიაშვილს კი, კარგად ვიცნობ. ეს ის პირია, რომელმაც მას ბინის გასაღები გადასცა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახმედ ჩატაევს სტამბოლში ერთ-ერთი აჭარელი მეგობარი და რუსლან ალდაგოვი შეხვდნენ და აქ გადმოსასვლელი დერეფნის შესახებ მოილაპარაკეს. ის თურქეთიდან აჭარის გავლით ფეხით ჩამოვიდა,” – აცხადებს უმარ იდიგოვი.
იდიგოვი მოსალოდნელი ტერაქტების საშიშროებაზე საუბრობს. მისი თქმით, სპეცოპერაციის შემდეგ, ირაღის მთელი არსენალი იყო აღმოჩენილი. იდიგოვის აზრით, თუ ეს ფაქტი სიმართლეს შეესებამება, მაშინ ამის შესახებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რადგანაც მაშინ ტერაქტებისთვის უნდა მოემზადოს მოსახლეობა და ეს საფრთხე რეალური იქნება.
შეგახსენებთ, რომ წუხელ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს”,-ნათქვამია სუს-ის განცახდებაში.