ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი(IDFI) საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯების (2011-2017) შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. დოკუმენტში წარმოდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების და აპარატში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურების, სამივლინებო, წარმომადგენლობითი, საწვავის მოხმარების და ავტოპარკის განახლებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2014 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოში არანაირი აუდიტორული შემოწმება არ ჩატარებულა.
„2012-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, აპარატში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. კერძოდ, 2012 წლის მდგომარეობით, დასაქმებული იყო 101 საშტატო და 2 შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2016 წლის მდგომარეობით – 76 საშტატო და 5 შტატგარეშე თანამშრომელი. 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მოქმედი საშტატო ნუსხის მიხედვით, აპარატში განსაზღვრულია 73 საშტატო ერთეული.
თუმცა, იმავე პერიოდისათვის შტატით ფაქტიურად დასაქმებული იყო 53 თანამშრომელი, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რიცხვი გაზრდილია 31-მდე. მიუხედავად იმისა, რომ, 2017 წლის მდგომარეობით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მგავსი მოცულობის სტრუქტურული ერთეულების დეპარტამენტის სტატუსით ფორმირება, წარმოშობს აპარატში დამატებით მაღალი თანამდებობის პირების საშტატო ერთეულებს, რაც ხელს უწყობს ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას.“- ნათქვამია კვლევაში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება ყოველწლიურად გარკვეულწილად იზრდება. შედეგად, 2017 წლის ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებულია 4,1 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით 60%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი (2011-2017 წლებში საშუალოდ 75%) მიემართება მოსამართლეების და აპარატის საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ დასაქმებულ თანამშრომელთა ოდენობა კლებადი ტენდენციით ხასიათდება, სასამართლოს გაზრდილი დაფინანსების პირობებში ყოველწლიურად იზრდება შრომის ანაზღაურების ხარჯები. 2012 წელს შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი შეადგენდა 1 915,6 ათას ლარს. ეს თანხა ყოველწლიურად ეტაპობრივად იზრდებოდა და 2017 წლის გეგმით შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია 2 762 ათასი ლარი.
წლების განმავლობაში თანამშრომელთა ოდენობის კლების ფონზე, შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდას, მნიშვნელოვნად განაპირობებდა როგორც ფიქსირებული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების მატება, ასევე სასამართლოში არსებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა.
2014 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 7 000 ლარის ოდენობით, თავმჯდომარის მოადგილის და მდივნის – 6300 ლარით, ხოლო სასამართლოს წევრის – 6000 ლარით. ამ ცვლილებამდე თავმჯდომარის ანაზღაურება შეადგენდა 5 650 ლარს, მისი მოადგილის- 4 800 ლარს, ხოლო სასამართლოს წევრის – 4400 ლარს.
როგორც მიღებული მონაცემები აჩვენებს 2012-2017 წლებში მოსამართლეებზე დამატებით აქტიურად გაიცემოდა პრემიები და სახელფასო დანამატები. 2012-2013 წლებში სხვადასხვა მოსამართლეებზე წლიურად გაცემული პრემიის ოდენობა 20 ათასი ლარიდან 30 ათას ლარამდე მერყეობს, ხოლო 2014 წლის შემდეგ 9 ათასიდან 17 ათასამდე. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ კონკრეტულ მოსამართლეზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისას შესაბამისი დასაბუთების არ არსებობა აჩენს პრემიების არაობიექტური კრიტერიუმებით გაცემის მნიშვნელოვან რისკებ,”- ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულინფორმაციაში.
აქვე მოცემულია საკონსტიტუციო სასამართლოს ავტოპარკის, საწავავის და სამივლინებო ხარჯების მონაცემები: 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით საკონსტიტუციო სასამართლოს ბალანსზე სულ ირიცხება 15 ავტომობილი, რომელთაგან 10 განპიროვნებულია მოსამართლეებზე, ხოლო 2- განპიროვნებულია სამართლებრივი უზრუნველყოფის და ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსებზე.
ამასთან, როგორც წერილით ირკვევა სასამართლოს ბალანსზე ირიცხება 2001 წელს შესყიდული “მერცედეს ბენზ ” ე230 მოდელის ავტომობილი, რომელიც დაკარგულია და შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს ძიებას.
2012-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს ავტოპარკის განახლებაზე ყველაზე დიდი თანხა დაიხარჯა 2017 წელს – 460,5 ათასი ლარი და 2016 წელს 179,5 ათასი ლარი.
2012-2016 წლებში საწვავის მოხმარებაზე ყველაზე მაღალი ხარჯი გაწეულია 2012 წელს 143,3 ათასი ლარი. 2014 წლის შემდეგ ეს ხარჯი ყოველწლიურად გარკვეულწილად იკლებს და 2016 წელს 100,5 ათასი ლარი შეადგინა. 2017 წლის საწყის 8 თვეში საწვავის ხარჯი შეადგენს 73 ათას ლარს.
2017 წლის საწყის 8 თვეში ყველაზე დიდი თანხა 8470,2 ლარი დაიხარჯა 2017 წლის 22-27 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის ვიზიტში სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპტაუნში.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით შემდეგ რეკომენდაციებს ავრცელებს:
– საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს შიდა ფინანსური კონტროლის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას, მათ შორის, სამსახურებრივი ავტომობილებით სარგებლობის, სამივლინებო, წარმომადგენლობითი და სხვა ხარჯების მიზნობრიობის კონტროლს;
– საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მიხედვით, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის განსაზღვრულ ყოველთვიურ სარგოსთან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შეიზღუდოს შესაბამისი დასაბუთების გარეშე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა;
– საკონსტიტუციო სასამართლომ უზრუნველყოს ავტოპარკის ოპტიმალური განკარგვა. კარგი პრაქტიკის სახით, სასამართლოს მიერ მხედველობაში შეიძლება იქნას მიღებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესები;
– საკონსტიტუციო სასამართლომ უზრუნველყოს აპარატის საშტატოს ნუსხაში სტრუქტურული ერთეულების ოპტიმალური ფორმირება, რაც გამორიცხავს აპარატში მაღალი რანგის თანამდებობის პირების პოზიციების ხელოვნურ შექმნას და დამატებით ბიუროკრატიულ ხარჯებს.