ახალი ამბები მთავარი სამართალი

შინაგან საქმეთა გენერალურმა ინსპექციამ  მოკვლევა დაასრულა, სოფელ ქისტეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

რამდენიმე წუთის წინ, შინაგან საქმეთა გენერალურმა ინსპექციამ  მოკვლევა დაასრულა, სოფელ ქისტეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

“2017 წლის 21 დეკემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურორის შუამდგომლობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ ჩხრეკის ჩატარების თაობაზე გასცა განჩინება, რის საფუძველზეც, 22 დეკემბერს, დილის 08:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ქისტაურში, მოქალაქე დ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოვიდა მოქალაქე დ.ხ.-ს შეტყობინება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოიკითხნენ დ.ხ. და მისი ოჯახის წევრები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის არაერთი მოსამსახურე, დაზუსტდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ, რითაც ირკვევა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა ყოველგვარი იძულებისა და ძალადობის გარეშე, რის შესახებაც შედგა შესაბამისი ოქმი. ამასთან, იმავე დღეს მოხდა საქმეზე მოქალაქე დ. ხ.-სა და მისი ოჯახის წევრების მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც მათ აღნიშნეს, რომ ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია გააჩნიათ. ამოღებულია ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა.

პირველადი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დ.ხ.-ს რძლის – თ.შ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავშირებულია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან, ამ ეტაპზე არ შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურად, რადგან სამედიცინო კვლევებით დადასტურებულია, რომ მოქალაქე თ.შ.-ს თავის ტვინში აღენიშნება მრავლობითი სიმსივნური წარმონაქმნი. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა განვითარებულია თავის ტვინში სიმსივნის ზრდით, რამაც გამოიწვია შემდგომი გართულებები, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, შემდგომი კომატოზური მდგომარეობით, რისი დაკავშირებაც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობასთან შეუძლებელია.”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, სამართალდამცველები სოფელ ქისტაურში, ერთ-ერთ ოჯახში სახლის გასაჩხრეკად შევიდნენ. ამის შემდეგ ოჯახის დიასახლისი შეუძლოდ გახდა და ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახი ამ ფაქტს პოლიციელების მხრიდან უხეშობას უკავშირებდა.

 

იტვირთბა....