პოლიციის მიერ ნაცემი პოეტი ზვიად რატიანი იხსენებს, როგორ გააჩერეს სამართალდამცველებმა და რა მოხდა დაკავების პროცესში. მისი თქმით, სამართალდამცველები მას ცემის გარდა აფურთხებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
“ის დაზიანებები, რომელიც აღმენიშნება, მიყენებული მაქვს პოლიციისგან. რამდენჯერმე ჩამიტარდა შემოწმება. პირველად გამსინჯა დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმმა, შემდეგ გამსინჯეს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში და შემდეგ უკვე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. მთავარი დაზიანებები მაქვს თავის არეში. თვითონაც ამბობდნენ, რომ სახეში არ დაერტყა არავის. მაქვს დაზიანებები ასევე ზურგზე, ფეხებსა და ხელებზე, მაგრამ ეს უკვე ძირს თრევის შედეგია. იქ არა მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, არამედ ფურთხებაც იყო და დამამცირებელი მოპყრობაც. დიდი ხნით მიჭერდნენ ყელში და ვერ ვახერხებდი ჩასუნთქვას”, – აღნიშნა რატიანმა.
პოეტი არ უარყოფს, რომ სამართალდამცველებს აგინებდა, თუმცა, ამბობს, რომ მას შემდეგ გახდა უკონტროლო, რაც სამართალდამცველებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს. პოეტი ამბობს, რომ მას პირდაპირი მნიშვნელობით მოკვლას უპირებდნენ.
“შეიძლება ნასვამობამაც ითამაშა თავისი როლი, მაგრამ ფხიზელიც რომ ვყოფილიყავი, იმ შეურაცხყოფებისა და ფიზიკური წამების ფონზე, სულაც არ გამოვრიცხავ იგივე რეაქცია მქონოდა. გინება არ არის ჩემი საუკეთესო და ძლიერი მხარე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიყავი აბსოლუტურად უკონტროლო, მათ შორის ჩემი ლექსიკიდან. ალბათ არის კადრები, სადაც თვითონ ანგელოზებად ჩანან და მომიწოდებენ მოქალაქეს ზრდილობისკენ იმ მოკლე პერიოდში, მე კი განვაგრძობ ჩემს ბილწსიტყვაობას. რომც არ ყოფილიყო კადრები, მე ამას არც დავმალავდი”, – განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, არ ახსოვს თუ რამდენი პოლიციელი მონაწილეობდა მასზე ფიზიკურ ძალადობაში, თუმცა მას ახსოვს სახეები და მათი ამოცნობა შეუძლია.
“მცემეს რამდენჯერმე. ყველაზე დიდხანს მცემდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სანამ შემიყვანდნენ. გაიჟღერა კიდეც ბოლოს – “ხომ არ მოვკლათ?!”. პოტენციურად ისინი არიან მკვლელები. უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გამოძიება. არ ვიცი, როგორ შეაფასებს სასამართლო ჩემს რეაქციებს, მაგრამ ჩემი არაადეკვატური საქციელი იყო პასუხი მათ გაცილებით უფრო არაადეკვატურ ქმედებებზე”, – განაცხადა რატიანმა.
პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გარდა ამისა, მისი თქმით, გზაში მას კიდევ სცემეს.
შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით, გამოძიებს დასრულებამდე შეუჩერდა.
თავად ზვიად რატიანს ტვინის შერყევა დაუდგინდა და მის საქმეზე ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ჯანრმთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო, რის გამოც სხდომა გადაიდო 2018 წლის 17 იანვარს 17 საათზე.
სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ ვიდეო-კადრები, რომელიც ზვიად რატიანის დაკავებას აღწერს, რომელსაც სასამართლო პროცესზე წარმოადგენენ მტკიცებულების სახით.