ფრანკფურტის პროექტს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. როგორც მან განაცხადა, გადაწყვეტილება პროექტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამო მიიღო:
“ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გადაუჭარბებლად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმ არაჯანსაღი აჟიოტაჟისა და მითქმა-მოთქმიდან გამომდინარე, რაც ბოლო დროს გავრცელდა, როგორც მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებში, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად ვუხელმძღვანელო ამ პროექტს და არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და ხელმძღვანელობას ვგულისხმობ, არამედ, თითოეული მიმართულების ოპერაციულ ხელმძღვანელობას. მე პირადად ვუხელმძღვანელებ თითოეულ მიმართულებას, ოპერაციული და ტექნიკური საკითხების ჩათვლით”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დაწყებამდე, სადაც საქართველოსაც ელიან, 9 თვე დარჩა. როგორც ბოლო დღეებში გაირკვა, წიგნის ბაზრობაში მონაწილეობისთვის 2014 წელს შექმნილ წიგნის ცენტრს და მის ხელმძღვანელს, დეა მეტრეველს, მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილი ჩაანაცვლებდა, ოღონდ ისე, რომ პასუხისმგებელი პირი ისევ წიგნის ცენტრი და მისი დირექტორი დეა მეტრეველი იქნებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დეა მეტრეველმა პროტესტი გამოხატა, რაც მწერალთა ნაწილმაც გაიზიარა, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ ნაცემმა პოეტმა, ზვიად რატიანმაც.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელის პოსტი მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა გუშინ დატოვა.