პოლიციის მიერ ნაცემი პოეტის, ზვიად რატიანის ადვოკატი ანი ნასრაშვილი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
რატიანის უფლებების დამცველი პროკურატურას დღეს ოფიციალურად მიმართავს. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ საგამოძიებო მასალების ოფიციალურად მოთხოვნის უფლება ექნებათ.
ზვიად რატიანს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელის პასუხიც სავარაუდოდ, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
“ვითხოვთ, რომ ბატონ ზვიად რატიანს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ გავეცნოთ ყველა იმ მასალას, რაც ამ სისხლის სამართლის საქმეში ჩაიდება. რამდენიმე ადგილზე ჰქონდა ადგილი მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფებს და ველოდებით, რომ ამ მიდამოებიდან ამოიღებენ დროულად ამ ვიდეო ჩანაწერებს,“ – განაცხადა ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა.
პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გარდა ამისა, მისი თქმით, გზაში მას კიდევ სცემეს.
შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით, გამოძიებს დასრულებამდე შეუჩერდა.
თავად ზვიად რატიანს ტვინის შერყევა დაუდგინდა და მის საქმეზე ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ჯანრმთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო, რის გამოც სხდომა გადაიდო 2018 წლის 17 იანვარს 17 საათზე.
სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ ვიდეო-კარები, რომელიც ზვიად რატიანის დაკავებას აღწერს, რომელსაც სასამართლო პროცესზე წარმოადგენენ მტკიცებულების სახით.