ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე ვახტანგი: „ვინც არ არის ეკლესიასთან, ის მტერია ეკლესიის, როგორც გარეთ, ისე შიგნით”

პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავის აღნიშვნის დასრულების შემდეგ, სვეტიცხოვლიდან გამოსულმა სასულიერო პირებმა კომენტარები გააკეთეს.  მღვდელმთავრები აცხადებენ, რომ საქართველოს ეკლესიას მტრები ჰყავს, თუმცა ვინ არიან ეს მტრები არ აკონკრეტებენ.

„ვინც არ არის ეკლესიასთან, ის მტერია ეკლესიის, როგორც გარეთ, ისე შიგნით,“ – ეს განცხადება ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა, მეუფე ვახტანგმა გააკეთა.

მისივე განცხადებით, საქართველოს ეკლესიას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთაც ებრძვიან.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიას მედიაც ებრძვის.

„საერთოდ შეტევა თქვენიდან, ტელევიზიებიდან, რადიოდან, არცერთი არ ექცევა ასე თავის ქვეყნის ეკლესიას არსად, როგორც საქართველოში ექცევით თქვენ. ყველაფერს ჭორზე აგებულს. უწინ იყო, რომ კვამლის გარეშე ცეცხლი არ არსებობდა, კვამლი არ არსებობს ისეთ ცეცხლს გააჩენთ,“ – აცხადებს მეუფე ანტონი.

დღეს სვეტიცხოველში პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავი აღნიშნეს.

იტვირთბა....