ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სინოდის განცხადება: ეკლესიის მიმართ დაპირისპირებამ 2017 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი განცხადებას ავრცელებს. განცხადება ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს ეძღვნება და ამ პერიოდის განმავლობაში ეკლესიის მდგომარეობას აღწერს:

2017 წელი განსაკუთრებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში. წელს ჩვენი ეკლესია და სრულიად საქართველო საზეიმოდ აღნიშნავს 3 დიდ თარიღს – საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთი საუკუნის მანძილზე შეჩერებული 15-საუკუნოვანი ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავს; უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიადსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს….

”რა ვითარებაში იყო საქართველოს ეკლესია 40 წლის წინ? ეს იყო განადგურების პირას მიყვანილი საპატრიარქო ინსტიტუცია და სულიერად უკიდურესად დაუძლურებული სამწყსო.

1977 წელს საქართველოს ეკლესიაში იყო 6 მღვდელმთავარი, ორმოცდაათამდე სასულიერო პირი და ამდენივე მოქმედი ტაძარი. საზოგადოების უმეტესობა გაუცხოებული იყო ეკლესიისადმი და იყო დიდი ზნეობრივი რეგრესი.
აი, ასეთი უმძიმესი მემკვიდრეობა ჩაიბარა საქართველოს ეკლესიამ 40 წლის წინ. ამას კიდევ დაემატა ეროვნული მოძრაობის მღელვარე 80-იანი წლები, ხოლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არანაკლებ რთული გარდამავალი პერიოდი – ორი სამოქალაქო და ორი სამამულო ომი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, არაჯანსაღი ინფორმაციული და ფსიქოლოგიური კლიმატი, არასტაბილური ოჯახური და სამსახურეობრივი პირობები, სოფლების დაცლა, მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება, დევნილობა და ლტოლვილობა.

და ბოლოს, ამ წლების მანძილზე ეკლესიის წინააღმდეგ ხილული თუ უხილავი ბრძოლა არათუ მცირდებოდა, არამედ ყოველწლიურად ძლიერდებოდა. როცა ვფიქრობდით, რომ თავი დავაღწიეთ ათეისტურ ძალმომრეობას, აღმოვჩნდით მსოფლმხედველობრივი სეკულარიზმის წნეხის ქვეშ. თანამედროვე მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში მართლმადიდებლობა აღიქმება დემოკრატიისა და პროგრესის შემაფერხებელ ძალად. ამის გამო წარსულში ღვთისმსახურთა და მორწმუნეთა ფიზიკური დევნა შეიცვალა მათ მიმართ უმძიმესი მორალური დისკრედიტაციის ფორმებით.

ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ იქნება ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა და ბოლო ჟამს კულმინაციას მიაღწევს. რაც უფრო ძლიერდება ეკლესია, მით უფრო იზრდება მასთან დაპირისპირება. ჩვენი ეკლესიის მიმართ ეს დაპირისპირება ყოველწლიურად იზრდებოდა. 2017 საიუბილეო წელს ამ ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი სულ უფრო და უფრო იზრდება მსოფლიო მასშტაბით. ამგვარი დაპირიპისრების პირობებში არა თუ მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ არსებულის შენარჩუნებაც კი არ იყო ადვილი.

ამ 40 წლის მანძილზე ეკლესიაში განვითარებული ძირითადი მიმართულებების ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ მიმდინარეობს არამარტო არსებული პრობლემების დაძლევა, არამედ ის ეპოქალური ცვლილებები, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე ელოდა ჩვენი ერი. ყოველი სასიკეთო ნაბიჯი ითხოვდა გიგანტურ ძალისხმევასა და თავის სრულ უარყოფას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ისმენს უფალი ჩვენს ლოცვას და აღასრულებს სასწაულს.

პირველი სასწაული, რომელიც პატრიარქის აღსაყდრების პირველივე დღეს ვიხილეთ, იყო ერის ერთსულოვანი ნდობა სრულიად ახალგაზრდა საჭეთმპყრობელისადმი. მის პიროვნებაში ქართველი ერი ხედავდა არა მარტო ეკლესიის, არამედ ქვეყნის აღორძინების წინამძღვარსაც. ეს მოლოდინი უმოკლეს დროში გამართლდა.

საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განდევნილი ეკლესია უცბად აღმოჩნდა საქვეყნო მოვლენების ცენტრში. საქართველოს საპატრიარქო და სიონის საკათედრო ტაძარი ეროვნული მოძრაობის უმთავრესი მორალური საყრდენი შეიქნა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში უდიდესი იყო ეკლესიის წვლილი”, – ნათქვამია წმინდა სინოდის განცხადებაში.

წყარო: ”კვირის პალიტრა”

იტვირთბა....