ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადვოკატი: ჩაწყობილ თამაშებში შესაძლოა ტოტალიზატორებიც იყვნენ ჩართულები

გარიგებული მატჩების საქმეში ბრალდებული ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატი იასონ ბესელია ვარაუდობს, რომ დანაშაულში არა მხოლოდ კალათბურთის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

როგორც ადვოკატმა იასონ ბესელიამ ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ დანაშაულში, დიდი ალბათობით, ტოტალიზატორებიც იყვნენ ჩართულები, თუმცა აქვე ადვოკატი დასძენს, რომ ეს მხოლოდ მისი ვარაუდია და გამოძიების ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გამოკვეთილი არაა. რაც შეეხება საქმის მასალებს, ბესელიას ინფორმაციით, ადვოკატებს საკმაოდ მოცულობითი მასალები გადაეცათ.

“არის საკმაოდ მოცულობითი აუდიო-ვიდეო მასალა. ჩანაწერების შინაარსი ეხება ამ საკითხის მომზადებას, ანუ, რა შედეგი უნდა ყოფილიყო, ვისსა და ვის შორის უნდა ყოფილიყო მოლაპარაკება, რა თანხაზე შეთანხმდნენ და ა.შ. ამაში ჩართულები იყვნენ ბერიშვილები. ასევე მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ჩართულები იყვნენ დანარჩენი ბრალდებულები, მაგრამ ამის დადასტურება ჩემგან უხერხულია”, – განაცხადა იასონ ბესელიამ და აქვე დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები, ირაკლი და დავით ბერიშვილები წარდგენილ ბრალში სრულად სცნობენ თავს დამნაშავედ.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს დღეს მოდულის შენობაში ბრალი 5 პირს უკვე წაუყენეს.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36000 ლარი აიღეს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა კი განცხადება, ფედერაციის გამგეობის სახელით გააკეთა და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა.

იტვირთბა....