ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათ კომერციულ მოსყიდვაში ედეათ ბრალი. ბრალდებულთაგან 3 დანაშაულს არ აღიარებს, 2 კი თავს დამნაშავედ ცნობს.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36000 ლარი აიღეს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა კი განცხადება, ფედერაციის გამგეობის სახელით გააკეთა და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა.