ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულთათვის ბრალის წარდგენის პროცედურა დაიწყო. ადვოკატები რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ მოდულის შენობაში. 5 დაკავებულიდან ორი, დავით და ირაკლი ბერიშვილები ბრალს აღიარებენ.

“გუშინდელი დღის მდგომარეობით ბრალს აღიარებენ, მგონი რაიმე არ შეცვლილა. დღეს სავარაუდოდ ბრალის წარდგენა მოხდება და შემდეგ აღკვეთის ღონისძიების შერჩევა სასამართლოში. დეტალურად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადად, ისინი აღიარებენ ქმედებების გარკვეულ თანმიმდევრობას. თანხების რაოდენობა არ შემიძლია ვთქვა 36000 იყო თუარა, რადგან იქ რამდენიმე ადამიანი ფიგურირებდა და ყველას ჰქონდა თავისი ფინანსური ინტერესი”, – განაცხადა ბერიშვილების ინტერესების დამცველმა იასონ ბესელია.

ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მწვრთნელი და თანადამფუძნებელი.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. მივიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას გამოძიებისგან დღეს, გადმოგვეცემა მასალები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები არის. ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც, ვინ მონაწილეობდნენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამბობენ, რომ არავინ არ მონაწილეობდა და დანაშაულის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი”,- აღნიშნა თამარ აბესაძემ, რომელიც ვაჟა კვარაცხელიას და თემურ დათიკაშვილის ინტერესებს იცავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.

როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36000 ლარი აიღეს.

იტვირთბა....