ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც გაეროში იერუსალიმის შესახებ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, მიღებაზე მიიწვია. ამის შესახებ foxnews-ი წერს.
ოფიციალურ მიწვევაში წერია, რომ მიღება 2018 წლის 3 იანვარს გაიმართება:
“გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი გეპატიჟებით მიღებაზე, რათა მადლობა გადაგიხადოთ აშშ-სთან მეგობრობისთვის”.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად არ აღიარა და რეზოლუცია 128 ხმით მიიღო.
8 ქვეყანა, რომელმაც, აშშ-ის მსგავსად, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად არ აღიარეს არიან: ისრაელი, გვატემალა, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, ნაურუ, პალაუ და ტოგო.
35 ქვეყანა, რომლებმაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, არიან: ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, ავსტრალია, ბაჰამა, ბენინი, ბუტანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კამერუნი, კანადა, კოლუმბია, ხორვატია, ჩეხეთი, დომინიკელთა რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ფიჯი, ჰაიტი, უნგრეთი, იამაიკა, კირიბატი, ლატვია, ლესოთო, მალავი, მექსიკა, პანამა, პარაგვაი, ფილიპინები, პოლონეთი, რუმინეთი, რუანდა, სოლომონ კუნძულები, სამხრეთ სუდანი, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უგანდა და ვანუატუ.
21-მა ქვეყანამ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მათ შორის იყო საქართველო.
ისრაელის პრემიერმა იერუსალიმის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია დაგმო.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, იერუსალიმი ყოველთვის იყო და იქნება ისრაელის დედაქალაქი. ამასთან, მან აშშ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
კენჭისყრამდე ნეთანიაჰუმ გაეროს “ტყუილების სახლი” უწოდა.
6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.
13 დეკემბერს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა.