თბილისის მერი კახი კალაძე ბაღებსა და სკვერებში ინვენტარის დაზიანებების ფაქტებს ეხმაურება. კალაძის განცხადებით, გულდასაწყვეტია, როდესაც რაღაც კეთდება და მეორე, მესამე დღეს ადამიანები მიდიან და აზიანებენ. მისივე თქმით, მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული სკვერების, თუ საახალწლო განათებების დამტვრევა.
“ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ცუდი ფაქტები გამოვლინდა. დარწმუნებული ვარ, რომ მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული სკვერების, თუნდაც საახალწლო განათებების დაზიანება.
დედაქალაქის მოსახლეობას მინდა მივმართო და ვთხოვო, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ. ეს ქალაქი თითოეული ჩვენგანის არის. როგორც საკუთარი ოჯახი, საკუთარი სახლი, ისე უნდა მივუდგეთ და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არც ერთი ჩვენგანი არ მიდის სახლში და არ ამტვრევს რაღაცებს. ასე უნდა მოვექცეთ ამ ქალაქსაც.
როდესაც რაღაც კეთდება, რაღაცას რეაბილიტაცია უტარდება, გულდასაწყვეტია, რომ მეორე, მესამე დღეს მიდიან კონკრეტული ადამიანები, არ ვიცი, ვინ არის ეს ადამიანები და მიზანმიმართულად ხდება დაზიანება. ეს მიუღებელია. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება გვერდით დაგვიდგება იმაში, რომ ვაწარმოოთ კამპანია, რათა ქალაქს ყველამ მოვუაროთ”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში რუსთაველის გამზირზე საახალწლო დეკორაცია დააზიანეს. დაზიანებული დეკორაცია თბილსერვისის თანამშრომლებმა გეგმური შემოვლისას აღმოაჩინეს.