პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს შესახებ ისაუბრა.
კვირიკაშვილის თქმით, საქართველო მაქსიმალურად ემზადება ნატოს სამიტისათვის, და იგი იმედოვნებს, რომ ამ სამიტზე მოხერხდება ნატო-საქართველოს საბჭოს მოწვევა.
”თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის თავდაცვის ინიციატივაზე. საქართველო მაქსიმალურად ცდილობს აქტიურად ჩაერთოს ამ ინიციატივაში. ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ხაზი. ვემზადებით ნატო-ს შემდეგი სამიტისთვის 2018 წელს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სამიტის დროს მოხერხდება ქვეყნის მეთაურების დონეზე ნატო-საქართველოს საბჭოს მოწვევა, სადაც კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. 10 წელი შესრულდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებიდან და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ალიანსი გადმოდგამს საქართველოს მიმართ. დიპლომატიური მექანიზმები მაქსიმალურად მუშაობს. ჩვენ ყველანი ვართ ჩართულები, დელეგაციებიც აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და ეს არის ჩვენთვის არა მხოლოდ სამხედრო-თავდაცვითი ალიანსი, არამედ ის ოჯახიც, რომელიც ღირებულებების გარშემო ერთიანდება და სწორედ ეს ღირებულებები არის სტრატეგიული ხაზი საქართველოსთვის”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.