„ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ახალი მოცემულობა, როდესაც კრიტიკული კითხვები პროვოკაციად ითვლება, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა:
„ქართულმა ოცნებამ“, პრემიერმა კვირკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტმა ახალი მოცემულობა შექმნა და დაამკვიდრეს რეალობა, როცა ისინი პროვოკაციად თვლიან ოპოზიციის მხრიდან დასმულ მწვავე კითხვებს. აბა, რას ელოდებიან ჩემგან, ან სხვა ოპოზიციონერებისგან? ქებას დავუწყებთ მაშინ, როდესაც 5 წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ გამოსავალს, როდესაც ვერ სთავაზობენ განვითარების ვერანაირ გეგმას? მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე გაძვირდა 50%-ით, შიმშილობს მოსახლეობის უმეტესობა, შემოსავალი და პენსია იგივე დარჩა, როდესაც ადამიანებს ვალის გამო ქონება დაუყადაღდათ და იმედიც არ აქვთ, როცა ახალგაზრდობა ცდილობს ქვეყნიდან თავის დაღწევას და ბევრი სხვა? რას ელოდება, რომ დითირამბებით გუნდრუკის ქნევას დავუწყებ? ბუნებრივია, არ მაინტერესებს მოქალაქე გიორგი კვირიკაშვილი, მე მაინტერესებს რას აკეთებს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. რა გეგმა აქვს, რას გულისხმობს მისი ოთხი პუნქტი? ყველაფერზე საუბრობს ამ გეგმაში, გარდა სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა. ეს მთავრობა არის საშოვარზე მოსული ხელისუფლება, რომელმაც რეალურად ქვეყანა გააღატაკა. ამას არ სჭირდება პარლამენტარის კომენტარი და მწვავე კითხვა, ქუჩებში ჩანს. იქითკენ მიჰყავთ ახლა საქმე, მადლობა მაქვს გადასახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა პრემიერმა კვირიკაშვილმა…“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას უკვე შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.