”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია, დღეს, მთავრობის სხდომაზე, პარლამენტში, აპირებს პრემიერ-მინისტრს იგივე კითხვებით მიმართოს, რაზეც პასუხის მიღებას გუშინ ცდილობდა:
”კრიტიკულია კითხვა ადამიანის გატაცებაზე, კრიტიკულია, როდესაც ადამიანი ნაცემია საკუთარ სახლთან, მაშინ როდესაც მინი ომი მოაწყვეს ტერორისტებმა. კითხვას უსვამ ადამიანს, როგორ მოხდა ეს და არც ერთ კითხვას პასუხს არ სცემს. ბუნებრივია, ეს არის უნამუსობა და უპასუხისმგებლობა. მოვუწოდებ მთავრობას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს რამე მაინც გააკეთოს ხალხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საუბარი მათთვის მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, მაინც ვაპირებ, გამოვიყენო ჩემი კუთვნილი დრო და კიდევ ერთხელ ჩავახედო პოლიტიკურ სარკეში – რა აკეთებენ და რის საკეთებლად მოვიდნენ”, – განაცხადა მელიამ.
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას უკვე შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.