„მეტრონომის“ ჟურნალისტური გამოძიება
დედაქალაქის მერიაში კალაძე მოვიდა და, ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, კარგად დაიწყო. ახალი მერი მიწისქვეშა გადასასვლელებს და დანაგვიანებულ თბილისს მიადგა და შექმნილი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს. თუმცა ფაქტია, რომ მას მერიაში არსებული დეპარტამენტებით გაგრძელება მოუწევს, რადგან სისტემაში არსებული მანკიერი მხარეები „მეტრონომის“ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ თვალნათლივ გამოჩნდა.
„მეტრონომს“ მომართეს აღმაშენებლის ხეივანთან (თბილისი მოლის საპირისპორო მხარეს) მიწების მესაკუთრეებმა განცხადებით, რომელშიც ხელისმომწერნი რედაქციას დახმარებას თხოვენ.
საქმეში კარგად ჩახედვის შემდეგ ირკვევა, რომ მერიის ქონების მართვის სააგენტოში არცთუ სახარბიელო ვითარებაა და რიგი თანამდებობის პირების საქმიანობა უდაოდ შესასწავლია. რითი სრულდება მათი საქმიანობა? კონკრეტულ შემთხვევებში გვაქვს თუ არა საქმე უსამართლობასთან? ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები? ირღვევა თუ არა ბიზნესის უფლებები და რაც მთავარია რასთან გვაქვს საქმე, როცა მერიაში, ასე სწრაფად კვარახჭინდება კონკრეტული, დაინტერესებული პირის საქმიანი ინტერესები? მივყვეთ ქრონოლოგიურად, რისთვისაც დაგვჭირდება ნახაზი, რომელიც ჩვენ სტატიას თან ახლავს.
ნახაზზე ჩანს მთავარი მაგისტრალი – აღმაშენებლის ხეივანი და შეჭრილი მონაკვეთი, საიდანაც იწყება აღნიშნული მიწებისკენ ფაქტობრივი გზა, რომელიც მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ აქტიურად სხვისდება და ირაზება მისასვლელი გზა დანარჩენი მესაკუთრეების მიწებისკენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველაფერი ხორციელდება მოკლე დროში, ისე, რომ დანარჩენი მესაკუთრეები ხელის განძრევას ვერ ახერხებენ, არადა, მსგავსი პროცედურების გასავლელად ჩვეულებრივ მოქალაქეს შესაძლოა თვეები დასჭირდეს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, მიწის ერთ-ერთი მფლობელი კომპანიის დირექტორი, ნათია გრიგალაშვილი „მეტრონომს“ ეუბნება, რომ მათ შეხვედრა ჰქონდათ მერიის ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან. მისი თქმით, შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ გათვალისწინებულიყო დანარჩენ მესაკუთრეთა უფლებები, გაუქმებულიყო აუქციონი და არ გადაკეტილიყო მისასვლელი გზა მათი ნაკვეთებისაკენ. ამ შეხვედრას წინ უსწრებდა მერიაში შეტანილი იმავე შინაარსისა და თხოვნის განცხადება, რომელსაც ხელს აწერს რამდენიმე მესაკუთრე.
შეხვედრაზე მერიის წარმომადგენლები კატეგორიული წინააღმდეგები წავიდნენ. მათ ნაკვეთების მფლობელებს ალტერნატიული, შემოვლითი გზა შესთავაზეს, რომელიც თითქმის კილომეტრამდეა და რაც მთავარია, ერთ-ერთ მონაკვეთზე ისეთი მძიმე აღმართია, რომ ზამთარში მსუბუქ ავტომანქანას შესაძლოა ასვლა გაუჭირდეს. არადა, საუბარია ბიზნესზე, ბიზნესის განვითარებაზე და მაცხოვრებლებზე, რომლებმაც მიწა დასასახლებლად იყიდეს და ხვალ შესაძლოა კილომეტრობით მოუწიოთ სიარული, რომ სახლამდე მიაღწიონ.
მერიის ჩინოსანთა ძირითადი არგუმენტი ასევე იყო ის, რომ ქალაქის მთავრობას არასოდეს ჰქონია შეჭრილ გზაზე მისასვლელი გზის გაკეთების იდეა. „მეტრონომი“ იმყოფებოდა ადგილზე და დეტალურად შეისწავლა აღნიშნული ტერიტორია. შესწავლის შემდეგ სულ სხვა სურათი გამოიკვეთა. გადავიღეთ ფოტოები, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს. ჩვენ გთავაზობთ ფოტოებს (ფოტო 1,2), სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ ბორდიურის მშენებლობიდანვე ნამდვილად იყო გათვალისწინებული და ჩაფიქრებული იმ ადგილზე გზის გაყვანა. მკითხველმა თავად შეაფასოს ფოტოების დათვალიერების შემდეგ, რადგან ამას ადასტურებს ბორდიურის მიმართულება. ფოტოზე აღნიშნული ბორდიურის რკალისებრი ფორმა იოლად ამტკიცებს, რომ მერიაში ტყუიან, ხოლო არსებობს თუ არა კონკრეტული ინტერესები ამას ამ ჟურნალისტური გამოძიების დასასრული ნათელს მოჰფენს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ იქ ფაქტობრივი გზა დღემდე არსებობს და მას უკვე კარგა ხანია იყენებენ მიმდებარე მიწების მეპატრონეები. მეტიც, ზოგიერთმა მათგანმა მიწა სწორედ ამ გზის გათვალისწინებით, წინასწარი გათვლებით შეიძინა, რომ ახალი ბიზნესი წამოეწყო.
ბორდიურები ფოტო 1, 2
მიწის მეპატრონეებმა, მას შემდეგ რაც ქონების მართვას მიმართეს თხოვნით, გაეთვალისწინებინათ მათი ინტერესები და ტერიტორია არ გაესხვისებინათ, პასუხად მიიღეს მშრალი ტექსტი, რომ სააგენტო კანონიერად ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული მუნიციპალური მიწის გასხვისებას.
„მეტრონომმა“ მოახერხა არქიტექტურის სამსახურის წერილის მოპოვებაც (იხილეთ დანართი 3), რომელშიც თვალნათლივ ჩანს, თუ როდის არის შესული განმცხადებლის წერილი აუქციონის დანიშვნაზე და რა დროში (რამდენიმე დღეში) მოხდა მისი დაკმაყოფილება. (წერილის ნომერი 60-01172761287).
რედაქციამ კითხვები გაუგზავნა მერიის ქონების მართვის სამინისტროს და პასუხებიც მიიღო. ამასთან დაკავშირებით დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მერიის ქონების მართვის სამსახურის პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, თამუნა დვალს ჩვენთან თანამშრომლობისათვის.
„მეტრონომის“ კითხვა: გთხოვთ გვითხრათ, როგორ მოხდა და რატომ მოხდა ასე მოკლე დროში იმ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანა, რომელზეც გადის ფაქტობრივი გზა და როგორც წერილის ავტორები აღნიშნავენ, საბოლოოდ დაიკეტა მისასვლელი მათი ნაკვეთებისაკენ?
მერიის ქონების მართვის სააგენტო: „მიწის ნაკვეთი (ს.კ 01.72.14.006.999) დარეგისტირდა 2017 წლის ივნისში და აუქციონზე გავიდა ნოემბერში, რაც არ წარმოადგენს მოკლე პერიოდს. მიწის დარეგისტრირებით და შემდგომ პრივატიზებით უკან არსებულ საკადასტრო ერთეულებს არ ეზღუდებათ მისასვლელი გზა, ვინაიდან ნაკვეთი არ წარმოადგენს გზისთვის განკუთვნილ ტერიტორიას. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს გააჩნიათ დამოუკიდებელი მისასვლელი გზა“.
მკითხველისთვის განვმარტავთ, რომ კითხვა დასმული იყო აუქციონის დანიშვნის მოკლე დროზე, ანუ აუქციონის მოთხოვნაზე განცხადების შეტანიდან, მის დანიშვნამდე. თუმცა ქონების მართვის სააგენტო თავის პასუხში საუბრობს რეგისტრაციის პერიოდიდან აუქციონის დანიშვნამდე პერიოდზე. ლოგიკა მკითხველმა შეაფასოს.
ამ ყველაფრის შემდეგ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვები და არსებობს ლიგიტიმური კითხვები. რატომ ხდება აუქციონზე მიწის ნაკვეთის გატანა ასე სწრაფად და რატომ არ ხდება გადაწყვეტილების მიღებამდე სხვადასხვა სამსახურების ჩართვა. მაგალითად, როცა ქონების მართვის სააგენტო არქიტექტურის სამსახურთან ერთად რამდენიმე დღეში წყვეტს ერთი პერსონის და მისი კუთვნილი ობიექტის ბედს და თან, ამავე დროს, ამბობს, რომ ამ მონაკვეთზე საავტომობილო გზის გაკეთება (თუგინდ ფაქტობრივ გზაზე) დაუშვებელია, რატომ არაფერს ეკითხებიან ტრანსპორტის სამსახურს? რომელმა სამსახურმა უნდა დაადგინოს, რომ აღმაშენებლის ხეივნიდან ავტომობილის გადასახვევი გზის მშენებლობა ავარიულ სიტუაციას ქმნის? ქონების მართვამ თუ არქიტექტურამ? არადა როგორც ნაკვეთის მესაკუთრეები გვეუბნებიან, მსგავსი არგუმენტი ჰქონდათ მერიის მესვეურებს ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე. სად არის ეკოლოგიური სამსახურების დასკვნა, აუქციონის გამოცხადებამდე და.ა.შ.
„მეტრონომის“ კითხვა: რედაქციაში შემოსული წერილის ერთ-ერთი ავტორი გვეუბნება, რომ მერიაში, რამდენიმე ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე, მერიის მესვეურებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ამ მონაკვეთზე საგზაო კომუნიკაციის მშენებლობა არასოდეს ყოფილა დაგეგმილი. ჩვენ გიგზავნით ფოტოებს, რომელზეც მოხვეული ბორდიურები (იხილეთ ფოტოები 1, 2) თითქოს ადასტურებს, რომ ჩანასახშივე, ამ ადგილზე მისადგომი გზა ჩაფიქრებული უნდა ყოფილიყო. რა არის მიზეზი იმისა, რომ მერიაში შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ასე რადიკალურად სურთ ფაქტიური გზის გაუქმება?
მერიის ქონების მართვის სააგენტო: „არსებული გრუნტის გზა, რომელზეც არის გამახვილებული ყურადღება დიდი ხანია წარმოადგენს კერძო საკუთრებას ს.კ 01.72.14.006.577. შესაბამისად, მერია ვერ დაგეგმავდა კერძო საკუთრებაზე გზის გაყვანის სამუშაოებს.
ქონების მართვის სააგენტოს მიერ გასხვისდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთი ს.კ 01.72.14.006.999. ხე-ნარგავების შენარჩუნებით და მშენებლობის უფლების გარეშე“.
თვალსაჩინოა, რომ მერიის ქონების მართვის სააგენტო „მეტრონომის“ მიერ გაგზავნილ ფაქტებზე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებს. რამდენად შესაბამისობაშია პასუხი დასმულ კითხვასთან, თავად მკითხველმა შეაფასოს.
„მეტრონომი“ შეეცადა კიდევ უფრო სიღრმეში შესულიყო და გაირკვა, რომ შეჭრილი გზის ზოლი, ანუ შესასვლელი ზოლი უკვე გასხვისებულია და ახლა მარცხენა მხარეს დარჩენილი რეკრეაციული ზონის მონაკვეთი გავიდა აუქციონზე და გაიყიდა. რითაც უკვე მთლიანად იხერგება მისასვლელი გზა. უფრო მეტიც, აუქციონზე მონაწილეობას იღებს იგივე პირი, რომელიც უკვე ფლობს ზემოთ აღნიშნულ მიწის, გზის გადამკვეთ ზოლს და რესტორნის მშენებლობას გეგმავს.
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ღძრავს გონივრულ ეჭვს და ხაზს უსვამს მერიაში არსებულ შესაძლო „ნაცნობობის ინსტიტუტს“. აღნიშნული დაინტერესებული პირი, დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში, მის გვერდით, 20 მეტრის მიღმა, ყიდულობს 9 კვადრატული მიწის მონაკვეთს და მის ტერიტორიაზე განთავსებული მაღალი ძაბვის ჯიხური და შესაბამისი ბოძი ახლადნაყიდ ადგილზე გადააქვს ისე, რომ ნებართვა მიღებული არ აქვს.
„მეტრონომი“ დაინტერესდა ვინ იყიდა და არსებობს თუ არა შესაბამისი ნებართვა ჯიხურისა და ბოძის გადატანაზე. თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ პროცედურების განხორციელებისათვის დოკუმენტაცია წესრიგში არ იყო. ეს ეჭვი გააჩინა ინფორმაციამ, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ზედამხედველობის სამსახურიდან. ამ სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ჯიხური და ბოძი გადატანილია, მაგრამ შესაბამისი პროცედურები მისი დაკანონებისთვის არ განხორციელებულა.
„მეტრონომმა“ აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა არქიტექტურის სამსახურის საიტზე საქმის ნომრით – AR1560814 (იხილეთ ფოტო 3). საქმეში ჩანს, რომ მშენებლობის მიღებაზე ნებართვა აიტვირთა მას შემდეგ, რაც მოსახლეობის განცხადების საფუძველზე ზედამხედველობის სამსახური დაინტერესდა უკანონო მშენებლობით.
ყურადღებამისაქცევია, რომ ნებართვის მიღების განაცხადზე თანდართული ტერიტორიის ამსახველი ფოტო (ფოტო 3) გაყალბებულია – ტერიტორია წარმოდგენილია ისე, რომ იქ არავითარი შენობა არ დგას. „მეტრონომმა“ გადაიღო ფოტო (ფოტო 4), სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ ჯიხური თავისი ბოძით უკვე დგას აღნიშნულ ადგილზე.
ფოტო 3, 4 ჯიხურის გარეშე და ჯიხურით
“მეტრონომი” უკანონო მშენებლობებზე საზედამხედველო პროცედურებით დაინტერესდა. როგორც ირკვევა, ასეთი დარღვევის შემდეგ, შესაძლოა მხოლოდ დამრღვევის დაჯარიმება მოხდეს და ნებართვის გარეშე გადატანილი ჯიხური ადგილზე დარჩეს. ანუ უბრალოდ, გადაიხადო ცოტა ზედმეტი და უკანონობა დაკანონდება?
ამ საკითხთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ დაუკავშირდა მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელს, ოთარ კანდელაკს. მისი თქმით, ჯიხურის უნებართვოდ გადამტანს მიეცა 20-დღიანი ვადა წარმოადგინოს შესაბამისი საბუთები, ან გადაიტანოს აღნიშნული ჯიხური.
„მეტრონომი“: დარღვევა თუ არსებობს, რა შემთხვევაში ხდება ჯარიმის გადახდა და რა შემთხვევაში დემონტაჟი?
ოთარ კანდელაკი: „ჩვენ ვაძლევთ ვადას და თუ ვერ წარმოგვიდგენს დოკუმენტებს თუ რა კანონიერებით მოხდა გადატანა, შემდეგ ვაჯარიმებთ. თუ ჯარიმის გადახდამდე აიღო ჯიხური ხო აიღო, თუ არადა, შეიძლება ჯარიმა გადაიხადოს და მერე მოხდეს დემონტაჟი. თუ მაინც არ აიღო, ხდება აღსრულება…“
„მეტრონომი“: თუკი ჯიხური უკვე დგას და ნებართვის მოთხოვნა შემდგომ ხდება, ამ შემთხვევაში რა ხდება?
ოთარ კანდელაკი: „მაშინ საქმის შეწყვეტას ვაკეთებთ“.
„მეტრონომი“: ჩვენ ვნახეთ, არქიტექტურის საიტზე, რომ სადაც მოთხოვნაა ჯიხურის გადატანაზე იქ არის ფოტო, რომელზეც არ დგას ჯიხური. არადა, მოთხოვნის დღეს ჩვენ გადავიღეთ ფოტო ადგილზე, სადაც ჩანს, რომ ჯიხური უკვე გადატანილია და დგას იქ?
ოთარ კანდელაკი: „კი ბატონო, დარღვევა დაფიქსირებულია და იმიტომ გავეცით მითითება. სიყალბე რომ აღმოაჩინა, არქიტექტურის სამსახურმა მაგიტომაც დაუხარვეზა მოთხოვნა. 20-დღიანი ვადა როცა ამოიწურება და ის ჯიხური ისევ იქ იდგება, სამსახური აკეთებს შემოწმების აქტს, რომელშიც ფიქსირდება მოხდა თუ არა მითითების შესრულება“.
„მეტრონომი“: ანუ შესაძლებელია მიუხედავად სიყალბისა, მან მოიტანოს შესაბამისი საბუთები არქიტექტურის სამსახურიდან?
ოთარ კანდელაკი: „თუ მსგავსი საბუთი მომიტანა, ესეიგი გაუცია ნებართვა არქიტექტურის სამსახურს, რითაც მე უნდა ვიხელმძღვანელო, მაგრამ რომ ვიმსჯელოთ რეალურად, ის საბუთს ვერ მომიტანს, იმიტომ რომ არ არსებობს, ანუ რჩება მხოლოდ ერთი გზა – დემონტაჟი“.
„მეტრონომი“: ანუ თუკი სერიოზული კანონდარღვევაა?
ოთარ კანდელაკი: „მაშინ იურიდიული სამსახური იწყებს კვლევას…“
„მეტრონომი“: რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ისე, რომ დამრღვევმა გადაიხადოს ჯარიმა და ჯიხური მაინც დარჩეს იქ, სადაც დგას?
ოთარ კანდელაკი: „რა თქმა უნდა, შეიძლება ჯარიმის გადახდის შემდეგ, მან თავიდან მოითხოვოს ნებართვა და არქიტექტურამ გასცეს…“
„მეტრონომი“: ასეთ შემთხვევაში, რამდენად კანონიერი იქნება, სიყალბის შემდეგ არქიტექტურამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს?
ოთარ კანდელაკი: „ეს უკვე მე არვიცი, ჩემი კომპეტენცია ეს აღარაა“
ნებართვის მოთხოვნილ განაცხადში არსებულ დანართებში წავაწყდით დოკუმენტს, რომელშიც ცოტა არ იყოს უცნაური პუნქტია. დანართის მე-6 პუნქტში ვკითხულობთ: „საავტომობილო სავალი გზის ასფალტბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდეს არსებული ფენების შესაბამისად, ორ ფენად (6სმ+4სმ), სრული ნორმების დაცვით, სპეციალური ტექნიკის საშუალებით. არადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე (საიდანაც უნდა გადასულიყო ჯიხური) საერთოდ არ არის ასფალტბეტონიანი გზა და უფრო მეტიც, შეგახსენებთ, რომ მერია დღემდე დაჟინებით ამტკიცებს, რომ საავტომობილო გზა აღნიშნულ ადგილზე არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული.
რასთან გვაქვს საქმე? არის თუ არა ეს დარღვევა და იკვეთება თუ არა აქ კორუფციის ელემენტი? საქმე გვაქვს თუ არა კანონის დარღვევასთან? იკვეთება თუ არა დოკუმენტების გაყალბება პირადი სარგებლის მიღების მიზნით, რაც უკვე კრიმინალია. „მეტრონომი“ იმედს იტოვებს, რომ შესაბამისი სამსახურები და უწყებები დაინტერესდებიან აღნიშნული ფაქტით, სათანადოდ შეისწავლიან და გაარკვევენ იკვეთება თუ არა აქ კანონდარღვევა და მიიღებენ შესაბამის ზომებსა და კანონით გათვალისწინებულ სანქციებს.
„მეტრონომი“: „აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ელექტროენერგიის განმანაწილებელი ჯიხური და ბოძი საკმაოდ მოკლე დროში, რამდენიმე მეტრში იქნა გადატანილი (იხილეთ ნახაზი). არსებობს თუ არა ამ ჯიხურის და ბოძის გადატანის სათანადო ნებართვა… გთხოვთ შეძლებისდაგვარად მოგვაწოდოთ დოკუმენტი… ამასთან, სადაო ფაქტობრივი გზა არსებობს უკვე 1996 წლიდან (იხილეთ ფოტოქრონოლოგია ქვევით) ასევე, იმ ფოტოების გათვალისწინებით, რომელსაც გიგზავნით მოხვეული ბორდიურების სახით, ამას დავუმატოთ გაზის მილი, რომელიც ამ ადგილზე უნდა გავიდეს, ასევე ელექტროენერგიის განმანაწილებელი ჯიხური, რომელიც ზევით ვახსენეთ, არის თუ არა უკვე ის ინფრასტრუქტურა, რომელიც მიანიშნებს მისასვლელი გზის აუცილებლობაზე“?
მერიის ქონების მართვის სააგენტო: „რაც შეეხება სატრანსფორმატორო ჯიხურის განთავსებას კერძო საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე – აღნიშნული წარმოადგენს სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციას. ხოლო, ელექტროკაბელის კერძო მიწის ნაკვეთიდან მუნიციპალიტის ტერიტორიაზე გადატანის სამუშაოებთან დაკავშირებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით უკვე დაფიქსირებულია დადებითი პოზიცია“.
მიაქციეთ ყურადღება ერთ დეტალს. კონკრეტულად ამ კითხვის მეორე ნაწილს მერია არ პასუხობს. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მერიაში შეგნებულად არ უნდათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, აღარაფერს ვამბობ იმ დოკუმენტაციები მოწოდებაზე, რომელზეც საერთოდ არაფერს წერს თავის პასუხში დედაქალაქის მერია.
“არ ვიცი რა მოხდა. ფაქტია, რომ ან ვიღაცაა შეცდომაში შეყვანილი, ან რაღაც ვიღაც ითბობს ხელს. ეჭვს იწვევს ის გარემოება, თუ როგორ სწრაფად მოხდა ყველაფერი… დაწყებული ჯიხურის გადატანიდან დასრულებული აუქციონის ასე სწრაფად გამოცხადებამდე… მსგავს სიტუაციებში, მე როგორც ვიცი, სხვანაირად ხდება და მსგავს პროცესს დრო სჭირდება. რაც შეეხება გზას, აქ თავიდანვე არსებობდა ფაქტობრივი გზა, რითაც ჩვენ ვსარგებლობდით, ახლა ყველაფერი გადაკეტილია, ბოლო აუქციონის შემდეგ უკანასკნელი იმედიც მოგვესპო…“ – აცხადებს მიმდებარე ტეროტორიაზე არსებული ნაკვეთების ერთ-ერთი მეპატრონე ბიძინა ჩიხლაძე.
მისი თქმით, ამ გზის გადაკეტვით, იმ ბიზნესის რენტაბელურობა, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა, ნულის ტოლი ხდება.
„ბიზნესი, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა, ამ გზის გადაკეტვით უკვე ნული ხდება. ჩვენ ახლა, ყველა ერთად, ნაკვეთის მფლობელები შევიკრიბებით და მივმართავთ ყველანაირ სამართლებრივ გზებს იმისათვის, რომ ჩვენი ბიზნესის და ადამიანური უფლებები არ შეილახოს… მერიას უკვე მივმართეთ და იმედი გვაქვს სამართალი იზეიმებს…“ – აცხადებს ბიძინა ჩიხლაძე.
„მეტრონომი“ ასევე შეხვდა და ესაუბრა იქვე მდებარე სხვა ნაკვეთების მეპატრონეებსაც. სამწუხაროდ, მათ სახელისა და გვარის გაზეთში გამოქვეყნებაზე უარი გვითხრეს. მიზეზი, ცოტა არ იყოს ჩვენთვისაც გაუგებარი დარჩა, თუმცა, საქმის ბოლომდე გაცნობის შემდეგ მკითხველი იოლად მიხვდება, რა შეიძლება იყოს მიზეზი, როცა თავად მერიის წარმომადგენლები არიან ჩართული მსგავს ბიზნეს-გარიგებებში.
როგორც ერთი ასეთი ნაკვეთის მეპატრონე ამბობს, მას მიწა ჯერ კიდევ 90-იანი წლებში აქვს შეძენილი და იქიდან ახსოვს, რომ ფაქტობრივი გზა, რომელიც ხვალ შეიძლება საერთოდ შემოიღობოს და მისასვლელი გზა სხვა საქმიანი ადამიანებისთვის გადაიკეტოს, ჩანასახშივე არსებობდა.
„როგორც დღეს ვარკვევთ, ისე მომხდარა ამ მონაკვეთის გაყიდვა-გადაყიდვა, მერია სიღრმეებში არც კი შესულა, რომ მაცხოვრებელთა ინტერესები დაენახა… ცალსახაა, თუკი რუკას დახედავთ, შეუიარაღებელი თვალისთვისაც კი ჩანს, რომ ასე უაზროდ მიწების გაყიდვა, ყოველგვარი გათვლების და და დასახული სტრატეგიის გარეშე გზისპირა მიწების გასხვისება, ელემენტარულად ქაოსს ქმნის. ახლა გვთავაზობენ ალტერნატიულ გზას, გვერდით შემოვლით გზას, რომელიც კილომეტრამდეა და ზამთარში ამ გზაზე მანქანით შესაძლოა ვერც გავიაროთ… რა ვუყოთ ბიზნესს? არ მესმის…“ – ამბობს ერთ-ერთი ნაკვეთის მეპატრონე.
ამასობაში, მერიას აქვს მხოლოდ ერთი არგუმენტი – ფაქტობრივი გზა, რომელიც ნაკვეთებთან კომუნიკაციას დღეს უზრუნველყოფს, არასოდეს ყოფილა განსაზღვრული ოფიციალურად საავტომობილო გზისთვის. თუმცა, ჩვენ სხვადასხვა წლების მიხედვით, მოვიძიეთ და შევქმენით ფოტოქრონოლოგია (იხილეთ ფოტოქრონოლოგია), რომელშიც აშკარად ჩანს, რომ ამ მონაკვეთზე თავდაპირველადვე იყო ჩაფიქრებული გზის მშენებლობა.
ერთ-ერთი არქიტექტორი, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეში კარგად ჩახედულია და რომელმაც ასევე არ ისურვა დაგვებეჭდა მისი სახელისა და გვარი, ამბობს, რომ კომუნიკაციები, რომელიც ამ მონაკვეთზე არსებობდა და დაიგეგმა იმაზე მიუთითებს, რომ საგზაო კომუნიკაციის ამ ადგილზე არსებობა თავიდანვე იყო ჩაფიქრებული.
„შეხედეთ, ამ ფოტოქრონოლოგიას, ასევე დააკვირდით, თუ როგორ იყო თავიდანვე და მერე საკმაოდ სწრაფ ტემპში როგორ გადაიტანეს დენის ჯიხური, ელექტროენერგიის ბოძი და რაც მთავარია „ყაზტრანსგაზზე“ უკვე გაცემულია მე-4 კლასის მილის ჩაყრის ნებართვა ზუსტად იმ ადგილზე, რომელ ადგილზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამ ყველაფრის შემდეგ ცოტა სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ აქ, თავის დროზე საგზაო კომუნიკაციის მოწყობა არ იყო ჩაფიქრებული“. – ამბობს „მეტრონომთან“ არქიტექტორი.
მისი განცხადებით, ფაქტობრივი გზის ნაკვეთზე გაცემულია ნებართვა. (იხილეთ დანართი). როგორც არქიტექტორი ამბობს, შესაძლოა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დღესაც მიმდინარებობს კორექტირებული პროექტის განხილვა რესტორნის სახით და ყველა პროექტის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ნარგავები იჭრება რაც ჩანს აეროფოტოზეც. (იხ ფოტო 5).
ფოტო 5
მისი თქმით, ზეპირი მოსმენის დროს აუქციონზე გატანილ მიწაზე, რომელიც ფაქტობრივი გზის ალტერნატიულ გზადაა შეთავაზებული მესაკუთრეთა მიერ, ერთ-ერთ არგუმენტად ქონების მართვაში მოიყვანეს ის, რომ გზის მოწყობის შემთხვევაში მწვანე ნარგავები იჭრებოდა.
„რა გამოდის, საზოგადოებრივი ინტერესების მქონე ფაქტობრივი გზის მოწყობისათვის არსებული ნარგავების მოჭრა არ შეიძლება და მის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული ნარგავების მოჭრა შეიძლება რესტორნის აშენებისათვის?!” – სვამს კითხვას არქიტექტორი.
„მეტრონომი“: „რამდენიმე მეტრში იმავე მაგისტრალიდან, საავტომობილო შესახვევები რამდენიმე ადგილზე უკვე არსებობს. წერილის ავტორების თქმით კი, მერიაში, შეხვედრაზე ითქვა, რომ აღნიშნულ ადგილზე გზის შეყვანა შექმნის ავარიულ სიტუაციას მთავარ მაგისტრალზე და მისი მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის. შეგიძლიათ თუ არა მოგვცეთ მერიის ტრანსპორტის სამსახურის და სხვა შესაბამისი სამსახურების დასკვნა, რომ მოხდა აღნიშნული მონაკვეთის სათანადოდ შესწავლა, რითაც არგუმენტებით დასაბუთებულია, რომ ამ ადგილზე გზის შეყვანა არ შეიძლება, ან არ შეიძლებოდა თავიდანვე“?
მერიის ქონების მართვის სააგენტო: „დაინტერესებული პირების მიერ გზის მოწყობის მოთხოვნით სსიპ ქონების მართვის სააგენტოში განცხადება შემოვიდა მას შემდეგ, რაც სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გასხვისდა მიწის ნაკვეთი, ხე-ნარგავების სრულად შენარჩუნების პირობით. შესაბამისად, განცხადებაში დასმული მოთხოვნა, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით არ დაკმაყოფილდა. დამატებით, აღსანიშნავია, რომ #01.72.14.006.999 საკადასტრო ერთეულის გზად გამოყენება ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან აღნიშნული ნაკვეთი და მის უკან არსებული დაურეგისტრირებელი მუნიციპალიტეტის ტერიტორია წარმოადგენს ინტენსიურად გამწვანებულ სივრცეს. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ გზით, რომელიც არ წარმოადგენს გამწვანებულ სივრცეს და დატოვებულია დაურეგისტრირებელ ტერიტორიად – ფუნქციური ზონით ტზ-1“.
მერიის ქონების მართვის სამსახური აქ აშკარად ტყუის. მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ შეიტყო, რომ ფაქტობრივი გზა, რომლითაც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ მიწების მეპატრონეები, გაყიდულია და უფრო მეტიც იგეგმება ერთადერთი ალტერნატიული გზის მონაკვეთის გაყიდვაც, მანამდე შეიტანა ალტერნატიული გზის პროექტი ქონების მართვაში, რომელიც პროცედურების შესაბამისად უნდა განეხილა მერიის სატრანსპორტო, გამწვანების და სხვა სამსახურებს, მაგრამ მოხდა ისე, ნაცვლად შეტანილი პროექტის განხილვისათვის მსვლელობის მიცემისა, ქონების მართვის სააგენტომ აუქციონის გზით სასწრაფოდ გაყიდა მიწა და მოსახლეობას ასეთი შინაარსის პასუხი გასცა – პროექტი ვერ განიხილება, რადგან მიწა გაყიდულია.
მცირე დაკვირვება საკმარიასი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ტყუილი გამოაშკარავებულიყო. მოსახლეობას აღნიშნული გზის პროექტი შეტანილი აქვს მიმდინარე წლის 17 ნოემბერს და იმ მიწის გაყიდვა, რომელსაც მერიის ქონების მართვის სააგენტო აცახდებს, მოხდა შემდეგ 24 ნოემბერს.
„მეტრონომი“: „როგორც ირკვევა, ფაქტობრივ გზასთან ახლოს, „ყაზტრანსგაზს“ უკვე მიცემული აქვს ნებართვა მიწისქვეშ გავიდეს საკმაოდ დიდი რადიუსის მილი. ნახაზის მიხედვით, მილი გადის გამწვანების ზოლის ქვეშ, ანუ იქ სადაც ამ მომენტისთვის რამდენიმე ხეა განთავსებული. როგორ მოხდება მილის გაყვანა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მცენარეების მოჭრა, ან გადარგვა გახდება აუცილებელი“?
მერიის ქონების მართვის სააგენტო: „სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ შპს „ყაზტრანსგაზ თბილისი“-სთვის გაზსადენის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა ითვალისწინებს სამუშოების წარმოებას მწვანე ნარგავების სასიცოცლო ფუნქციის დაუზიანებლად. ამასთან დაკავშირებით არსებობს ეკოლოგიის სამსახურის დასკვნაც“.
უცნაურად მოსჩანს მერიის ქონების მართვის სააგენტოს პასუხი იმის ფონზე, როცა ადგილზე დათვალიერებისას ირკვევა, რომ ნებართვა, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მილი უნდა გავიდეს, გამწვანებული საფარის ზონას ემთხვევა. მიმდებარედ, სხვა ადგილზე მილის გასვლის შემთხვევაში „ყაზტრანსგაზის“ პროექტი დაემთხვევა ფაქტობრივ გზას, რომელიც უკვე გასხვისებულია. ასე რომ, რჩება ორი გზა მილი უნდა გავიდეს იმ ადგილზე სადაც საკმაოდ დიდი ხეებია გაშენებული, ან ფაქტობრივ გზაზე, რომელიც უკვე გასხვისებულია. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
ფაქტობრივი გზა
როგორც ნაკვეთის მეპატრონეები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, შეხვედრის დროს მერიის წარმომადგენლებთან, თითქმის ყველა თანამშრომელი ერთხმად „უტევდა“ მისასვლელი გზის გადაკეტვით შეწუხებულ ნაკვეთის მეპატრონეს. მერიის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილე თითქმის ყველა პერსონა ერთხმად ამტკიცებდა, რომ იქ გზა არასოდეს გავა, რითაც აშკარად, ირიბად თუ პირდაპირ, მხარს უჭერდნენ პერსონას, რომელმაც ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, გზის გადასაკეტად უკანასკნელი მიწის ნაჭერიც მოიგო, რითაც ფაქტობრივად გაანულა დანარჩენ ნაკვეთებზე დაგეგმილი ბიზნესის წარმოების სამომავალო შანსები, ისევე როგორც ამ ადგილზე მაცხოვრებელთა ინტერესები.
როგორც „მეტრონომს“ ნაკვეთების მეპატრონეებმა უთხრეს, მერიის წარმომადგენლები შეხვედრაზე, თითქმის არაფერს საუბრობდნენ მეზობელი მენაკვეთეების ინტერესებზე, თუ არ ჩავთვლით იმ ალტერნატიული გზის შეთავაზებას, რომელიც, როგორც მაღლა აღვნიშნეთ, კილომეტრამდეა და არარენტაბელურს ხდის მომავალში იქ წარმოებულ ბიზნესს.
რატომ ამტკიცებენ მერიის ქონების მართვის წარმომადგენლები ასე დაბეჯითებით და მკაცრად, იქაური მეზობლების ინტერესების გვერდის ავლით, რომ გზის გაყვანა ამ ადგილზე არასოდეს ყოფილა ჩაფიქრებული და უფრო მეტიც, არც არასოდეს გაიცემა ნებართვა? არიან თუ არა ისინი მიკერძოებულები, ან როგორ მოხდა აუქციონის ასე სწრაფ დროში გამოცხადება?
„მეტრონომმა“ მცირე გამოძიება მოაწყო და ვფიქრობთ ამ ერთგვარი რებუსის გასაღებიც ამოატივტივა – გამოიკვეთა დაინტერესებული პირი, რომელიც ასე მარტივად, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, აჭრევინ-აკერინებს დედაქალაქის მიწას, ატარებინებს აუქციონებს ქონების მართვის სამსახურს, იღებს პირად სარგებელს ისე, რომ არაფრად აგდებს მოსახლეობის კანონიერ ინტერესებს. ამ საქმეში ფიგურირებს მოქალაქე რამაზ ვარდოსანიძე, ხოლო მისი ძმიშვილი ლევან ვარდოსანიძე მერიაში, ქონების მართვის სააგენტოში მუშაობს. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ დავუკავშირდით მერიას.
მერიის ქონების მართვის სააგენტოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ დვალმა დაგვიდასტურა, რომ მოქალაქე ლევან ვარდოსანიძე ნამდვილად მუშაობს აღნიშნულ უწყებაში. ამის შემდეგ, მკითხველმა თავად განსაჯოს, თუ რასთან გვაქვს საქმე და რას ამბობენ ფაქტები, რომლებიც „მეტრონომის“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოაშკარავდა.
„დედაქალაქის მთავრობა დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ დატოვებს“ – ასეთი კომენტარი გააკეთა რამდენიმე დღის წინ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ქრთამის აღების ფაქტზე.
ვიცე-მერის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა მერიის სისტემაში დანაშაულებრივი ქმედებისა და კორუფციის ფაქტებს არ დაუშვებს და ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, შესაბამის ზომებს გაატარებს.
„მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობებს. ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი, ზომები გატარდება“, – ასეთია ხმალაძის პოზიცია.
ეს ჟურნალისტური გამოძიება კი, რომელიც ფაქტებზე დაყრდნობით ქვეყნდება, იმედია მიაღწევს მერიის ახალ ხელმძღვანელობამდე და დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, ვიცე-მერის პათოსიდან გამომდინარე სიტყვები არ იქნება ლიტონი. მერიის ქონების მართვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელისთვის ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება სასარგებლო აღმოჩნდება მის უწყებაში არსებული მანკიერი მხარეების აღმოსაჩენად. ახალი მერი კი, რომელმაც, მართლაცდა კარგად დაიწყო ქალაქის ქუჩებიდან ძველი, არასასურველი ნარჩენების მოცილება და დედაქალაქის გალამაზება, აუცილებლად შეიხედავს საკუთარ ოფისშიც და ადექვატურ ღონისძიებებს გაატარებს.
გაზეთი „მეტრონომი“ კი ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ საქმესთან დაკავშირებით განვითარებულ დეტალებს და საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით.