რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთის მკვიდრი, 52 წლის ქალი დააკავეს. დაკავებულ ლალი ხაჩირაშვილს, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან. თანასოფლელები აცხადებენ, რომ ქალს ე.წ. საზღვარი არ დაურღვევია და ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პირუტყვს აძოვებდა.
მათი ინფორმაციით, ქალი სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც უკან სახლში დაბრუნებას აპირებდა.ხაჩირაშვილი რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება. ოჯახი გატაცებულის ჯამრთელობის მდგომარეობის გამო შიშობს და დახმარებას ითხოვს.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ 52 წლის ქალი ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული. მათი ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.