თბილისის მერმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე განთავსებულ ნაძვის ხესთან დამონტაჟებულ წარწერაზე “სიცოცხლით სავსე ქალაქი” განმარტა, რომ ეს საარჩევნო სლოგანი არ არის, არამედ სიცოცხლით სავსე ქალაქისკენ სწრაფვაა.
”ეს არ არის სააარჩევნო სლოგანი. ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქისკენ სწრაფვა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი რაც შეიძლება მალე გავხადოთ სიცოცხლით სავსე. რა თქმა უნდა ამისთვის ბევრია სამუშაო. ბევრი პროექტია განსახორციელებელი.
ჩვენთვის მთავარი იყო, შეგვექმნა საახალწლო განწყობა მოსახლეობისთვის, რომ ყოფილიყო განსხვავებული. რამდენად შევძელით ეს, მოსახლეობამ გადაწყვიტოს. მე გაძლევთ პირობას, რომ დედაქალაქი მომდევნო წლების განმავლობაში უფრო ლამაზი იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე წმ. გიორგის მონუმენტის ქვეშ განთავსებული ნაძვის ხის ირგვლივ დამონტაჟებულია წარწერა “სიცოცხლით სავსე ქალაქი”, რასაც საზოგადოების მხრიდან მითქმა-მოთქმა მოჰყვა. აღნიშნული ფრაზა “ქართული ოცნების” პარტიული სლოგანია.