ინგოროყვას კლინიკის ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, რუსთაველზე დაჭრილი მოზარდის ოპერაცია დასრულდა და ის ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინგოროყვას კლინიკის ექიმი აცხადებს, რომ მოზარდი მართვით სუნთქვაზეა.
“მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე. 4 ჭრილობა აქვს მიყენებული დანით, აქედან 2 არის შემავალი. ჭრილობები მიყენებული აქვს გულ-მკერდის, ბარძაყის და ფილტვის მიდამოებში, სიცოცხლისთვის საშიში არ არის. გადაყვანილია ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში”,- აცხადებს ექიმი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, პირველადი ინფორმაციით, დაპირისპირება მოზარდებს შორის მოხდა, რის შედეგადაც 15 წლის მოზარდი დაჭრეს.
რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სკვერში 15 წლის მოზარდის დაჭრასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.