ახალი ამბები მთავარი სამართალი

ექიმი: 15 წლის დაჭრილმა მოზარდმა 1 ლიტრამდე სისხლი დაკარგა

ინგოროყვას სახელობის კლინიკის გულ-მკერდის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ქაცარავამ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მისივე განცხადებით, მოზარდს სისხლდენა შეუჩერდა.

„პაციენტი ჯერჯერობით მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა სტაბილურადაა. შემოვიდა მძიმე მდგომარეობაში, ჰემორაგიული შოკით, წნევა ჰქონდა დაბალი სისხლდანაკარგის გამო. ჩაუტარდა ოპერაცია, გულ-მკერდი გაიხსნა და ინახა სისხლმდენი ადგილები. აღინიშნება ნეკთაშორის არტერიის და ფილტვის დაზიანება, პერიკარდიუმის დაზიანება. გულის დაზიანება არ არის, გადარჩა. დანით მიყენებული ჭრილობები აქვს გულ-მკერდისა და მუცლის არეში. ყველაზე რთული ჭრილობა იყო სისხლძარღვის ჭრილობა, რომელმაც სისხლდენა გამოიწვია – თითქმის ერთი ლიტრი სისხლი იყო ჩაღვრილი. 15 წლის ასაკისაა და ეს იყო მისთვის ძალიან მძიმე სისხლდანაკარგი. სისხლდენა ოპერაციის დროს გაჩერდა, პაციენტს გადაესხა სისხლი, ახლაც მიდის გადასხმა. წნევა სტაბილურია. მე ვერ ვიტყვი, ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს საფრთხე, მაგრამ მგონი უფრო სიკეთისკენ მივდივართ“, – განაცხადა ქაცარავამ

ექიმების  ინფორმაციით, მოზარდი ხვალ დილამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იქნება შეერთებული.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, პირველადი ინფორმაციით, დაპირისპირება მოზარდებს შორის მოხდა, რის შედეგადაც 15 წლის მოზარდი დაჭრეს.

რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სკვერში 15 წლის მოზარდის დაჭრასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და დაწყებულია გამოძიება.

იტვირთბა....