კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძე აგენტია. მისი თქმით, ის არ წარმოადგენს უსაფრთხოების კუთხით მომუშავე ადამიანს, ის მუშაობდა პირადი კეთილდღეობისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ფირცხალავას ბრალდების საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმესთან, ირაკლი მამალაძესთან დაკავშირებით ჩვენების მიცემაზე უარის თქმას ეხება. ფირცხალავამ აღნიშნა, რომ ჩვენების მიცემაზე უარი არ უთქვამს. მისი თქმით, ჩვენების არ მიცემის მიზეზი, მისი ავადმყოფობა გახდა.
“ცუდად გავხდი, რის გამოც ვერ მოხერხდა ჩემი დაკითხვა და ეს მოსამართლემ ოქმშიც დააფიქსირა. ამის შემდეგ დაიწყო წარმოუდგენელი უკანონობები ჩემს წინააღმდეგ. პროკურორმა, მიუხედავად იმისა, მოსამართლემ დააფიქსირა, რომ ჩემი დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია, თქვა, რომ უარს ვამბობ ჩვენების მიცემაზე და ბრალი წამიყენეს.
1 აგვისტოს საქალაქო სასამართლოში დავიკითხე, ე.წ. ციანიდის საქმის დახურულ სხდომაზე. პროკურორი დავით გუმბერიძე კი 3 აგვისტოს ერთ-ერთ ოქმში წერს, რომ დავიკითხე დახურულ სხდომაზე, სადაც ვისაუბრე ირაკლი მამალაძის საქმიანობაზე და ა.შ. დახურული სხდომის ოქმი პროკურატურამ სასამართლოდან 20 სექტემბერს გამოითხოვა და საიდან იცოდა 3 აგვისტოს პროკურორმა გუმბერიძემ, რა ჩვენება მივეცი მე დახურულ სხდომაზე?! მე გეტყვით საიდან – ჩემი დაკითხვის შემდეგ პროკურორი წიკლაური, ვექილიანი და ის მესამე, დასხდნენ გუმბერიძესთან ერთად და მოუყვნენ ჩემი ჩვენება. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული”, – განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფირცხალავა პროკურატურამ ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის 371-ე მუხლით მისცა, რაც მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას ითვალისწინებს.
2017 წლის 25 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე. მამალაძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებულ ფირცხალავას მხრიდან ხორციელდებოდა მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ასევე, მისი დისკრედიტაცია და პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მიზნად ისახავდა გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას.