დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ე.წ. მატროსოვის ციხის ადმინისტრაციას ადვოკატის საქმიანობის ხელის შეშლასა და მსჯავრდებული დეკანოზის პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ადვოკატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მამალაძის ადვოკატის განცხადებით, ის 11 დეკემბერს იმყოფებოდა მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში. მან მსჯავრდებულთან მასსა და ერთ-ერთ ბანკს შორის ავეჯის განვადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები ხელმოსაწერად შეიტანა. ადვოკატი ამბობს, რომ მსჯავრდებულთან შესვლამდე შემოწმება გაიარა. მისი თქმით, პატიმართან შეხვედრის შემდეგ, დაწესებულების უფროსის მოადგილემ აუკრძალა აღნიშნული დოკუმენტების გარეთ გატანა იმ მოტივით, რომ ის სისხლის სამართლის საქმეს არ უკავშირდებოდა. თუმცა, ადვოკატი განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება ადვოკატისთვის ჩამოერთმია დოკუმენტაცია, რომელიც გიორგი მამალაძის საბანკო ურთიერთობას ეხებოდა და ეს იყო პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაცნობის უფლებაც დაწესებულებას არ ჰქონდა.
“სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლებს შევთავაზე, რომ როდესაც გავიდოდი დაწესებულებიდან, ხელახლა გამოვწერდი საშვს, დავბრუნდებოდი პატიმართან და თავად გადავცემდი მის პერსონალურ დოკუმენტაციას, რაზეც მივიღე აგრესიული პასუხი, რომ ამ დოკუმენტით ადვოკატი ვერსად ვერ გადაადგილდებოდა და რომ უნდა ჩამოერთმიათ დოკუმენტაცია, რის შემდეგაც დოკუმენტებს მსჯავრდებულს თავად გადასცემდნენ. საბოლოოდ, ზეწოლით მან ეს დოკუმენტაცია ჩამომართვა. 13 დეკემბერს კი ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები, რაც წარმოადგენდა მამა გიორგის პერსონალურ ინფორმაციას, დაწესებულების წარმომადგენლებმა მსჯავრდებულს არ დაუბრუნეს და გადასცეს გამოძიებას”, – განაცხადა ავალიანმა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებენ, განმარტოს რა სამართლებრივი საფუძვლით ჩამოართვეს ადვოკატებს აღნიშნული დოკუმენტები.
”საინტერესოა, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატის აღნიშნული დოკუმენტებით დაწესებულებაში შეშვება. ასევე გვაინტერესებს, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა აღნიშნული დოკუმენტების გამოძიებისთვის გადაგზავნა. გარდა ამისა, მოვითხოვთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სასწრაფო წესით დაიწყოს მოკვლევა ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და მსჯავრდებულის პირადი, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე”, – განაცხადა რამიშვილმა.