ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქუცნაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ კვირიკაშვილი გადადგეს

“ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გადაცემა “აქცენტებში” საუბრისას აცხადებს, რომ  გიორგი კვირიკაშვილი ის პრემიერია, რომელიც თანამდებობაზე გაგიჟებული არასდროს ყოფილა.

მისი თქმით, პრემიერს პირადი რეპუტაცია თანამდებობაზე მაღლა არასდროს დაუყენებია.  ქუცნაშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილი ძალიან თავმდაბალია და თუ საჭირო გახდება ის თანამდებობასაც უპრობლემოდ დატოვებს.

„ის არ არის შემჩნეული არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში. გიორგი განსხვავებული პიროვნებაა. მე თუ არ ვცდები ჩემს წარმოდგენაში, ის არის ძალიან თავმდაბალი ადამიანი და შესაბამისად, არასდროს არ დაუყენებია პირად რეპუტაციაზე მაღლა თანამდებობრივი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას,“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრემიერმა თანამდებობა დატოვოს და ამის საფუძველს თავად კვირიკაშვილის განცხადებაში ხედავს.

შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის თანამდებობა დატოვოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

იტვირთბა....