ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-მ წალკაში სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ი. ბ., 1992 წელს დაბადებული ზ.ტ. და 1990 წელს დაბადებული გ.გ., ქურდობის ბრალდებით, წალკაში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარაბდა-კარწახის რკინიგზის სადგურ „ნინოწმინდაში“, გაჩერებული დრეზინიდან სპილენძის საკონტაქტო სადენები მოიპარეს, რითაც კომპანია „ATEF GEORGIA“-ს 4324 ლარის ზარალი მიაყენეს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე, წალკის გასასვლელთან დააკავეს. პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც დაკავებულები გადაადგილდებოდნენ, ნაქურდალი სადენები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....