ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ექსტრადიციაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციის შესახებ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. როგორც „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილი ბოდნარმა განაცხადა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ნამდვილად არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. საქართველო ჩემს კომპეტენციაში შედის, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროების ხაზით არანაირი კონტაქტები არ ყოფილა“, – განაცხადა მან.

ბოდნარის თქმით, საერთოდ ასეთი სახის მოთხოვნები იუსტიციის სამინისტროს ხაზით გენერალურ პროკურატურაში მიდის.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესში არ არის წარმოდგენილი“, – დასძინა დიპლომატმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური, ბელარუსში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, მოსალაპარაკებლად იმყოფებოდა. თუმცა, ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

ოფიციალური ცნობით, გომელაური ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო:

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვახტანგ გომელაური ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ესწრება.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას „საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“.
მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს გაფორმებული აქვს ნატო-ს და ევროკავშირის წევრ ოცამდე ქვეყანასთან და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან.”-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებიც, გავრცელებულ ინფორმაციას “შეთქმულების თეორიას უწოდებენ” და მას სერიოზულად არ განიხილავენ.

იტვირთბა....