თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, “სემეკის” წევრად თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას დანიშვნა ნიშნავს, რომ მომავალში ტარიფები გაიზრდება.
ნადირაძე ამბობს, რომ ნარმანიას წარდგენა ამ თანამდებობაზე, თბილისელების დაცინვაა.
„ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაუფასა დავით ნარმანიას 1 ლარად გადაცემული თბილისელების ქონება. ეს მოასწავებს დიდ უბედურებას ენერგეტიკის სფეროში. ეს ნიშნავს, რომ გაღარიბებულ მოსახლეობას ტარიფებს გაუძვირებენ. როგორც ჩანს, დავით ნარმანია ამ პრინციპით შეარჩიეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი იყო და ახლაც აპირებს შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც დაკავშირებული იქნება ტარიფების ზრდასთან“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ პარლამენტი სემეკის წევრის თანამდებობაზე მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ნარმანიამ დაადასტურა, რომ გუშინ მთავრობის თანხმობის მოსაპოვებლად მისი წარდგენა ნამდვიდალ მოხდა.
“ვადასტურებ, რომ გუშინ მოხდა ჩემი წარდგენა მთავრობის თანხმობის მოსაპოვებლად. შემდეგი პროცედურა არის საქართველოს პარლამენტის. ველოდებით პროცედურებს. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.