ნულიდან ხუთ წლამდე ასაკის 300-მდე ბავშვიდან 40%-ს სისხლში ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა. წელიწადნახევრის წინ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული კვლევის შესახებ დღემდე საზოგადოება ინფორმირებული არ ყოფილა. ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” იუწყება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, თავის დროზე კვლევის საგანგაშო შედეგი იმ მიზეზით არ გაასარაჯოეს, რომ მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, ის პრობლემის მთლიან სურათს ვერ ასახავდა.
პრობლემას ქმნის ის გარემოებაც, რომ ტყვიით ორგანიზმის ინტოქსიკაციის შემთხვევაში, სახელმწიფოს პაციენტის მკურნალობის არც შესაძლებლობა გააჩნია და არც მასთან ბრძოლის კომპლექსური გეგმა აქვს.
“დილით გაიღვიძა ბავშვმა გაურკვეველი ტკივილით, ვერ გაგვაგებინა რა ხდებოდა და მალევე გაითიშა. სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, გვითხრა, რომ ძლიერი ინტოქსიკაცია იყო და გადავიყვანეთ საავადმყოფოში” – აღნიშნა თამარ იარაჯულმა, ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა. მისი თქმით, ბავშვს ვერ მკურნალობს, არ არის არანაირი მედიკამენტი, ირღვევა ქცევა, მძიმდება ბავშვი და შემდეგ კლინიკაში ათავსებენ.
ტყვია მომწამვლელი ნივთიერებაა, რომლის ორგანიზმში დაგროვება რიგ სახიფათო ცვლილებებს იწვევს. სისხლში ტყვიის დასაშვები კონცენტრაცია წლების განმავლობაში განისაზღვრებოდა, როგორც 5 მიკროგრამი დეცილიტრზე,თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს მიიჩნევს, რომ ტყვიის ზემოქმედების დასაშვები ან უსაფრთხო დოზა არ არსებობს.
სპეციალისტების განმარტებით, ტყვია განსაკუთრებით ადვილად აღწევს ბავშვის ორგანიზმში, სადაც გროვდება და ჯანმრთელობისთვის შეუქცევად დაზიანებებს იწვევს.
“გროვდება და გადადის ძვლებში, თირკმელებში, ღვიძლში, თავის ტვინში. ეს დაგროვების პროცესი ქმნის სწორედ მის ქრონოკული მოქმედების საშიშროებას”- აღნიშნავს ინგა ღვინერია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
“ეს ისეთი პრობლემაა, რომლის მკურნალობაც არც არსებობს, მთავარია იცოდე წყარო და ბავშვი მას მოარიდო”- აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
რამდენად შეძლებს სახელმწიფო ახლო მომავალში მცირეწლოვან ბავშვებში ტყვიით მოწამვლის შემთხვევების გამოვლენასა და პრევენციას მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სახელმწიფო ბავშვების სისხლში ტყვიის კონცენტრაციას და იმ წყაროებს დაადგენს, საიდანაც ის ადამიანის ორგანიზში ხვდება.
ავტორი: 1tv.ge სოფო ზედელაშვილი
სპეციალისტის რჩევები: დაავადება სიმპტომების გარეშე – როგორ ავიცილოთ თავიდან ტყვიით მოწამვლა