ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სენატორებისა და კონგრესმენების უმრავლესობის განწყობაა, მხარი დაუჭიროს Javelin-ების საქართველოსთვის მიყიდვას”

“ანტისატანკო სისტემა Javelin არ არის მიმართული არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის Javelin-ის მიწოდებამ, შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს.

ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა, რომ Javelin არ არის შეტევითი ხასიათის შეიარაღება.

“მისი ერთადერთი მიზანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ეფექტური დაცვა. ყველა ტიპის შეიარაღება, რომელიც შევიძინეთ ან მომავალში შევიძენთ, იქნება მხოლოდ ამ ტიპის იარაღები – თავდაცვითი ხასიათი. ეს გაცხადებულია საჯაროდ თავდაცვის მინისტრის მიერ და გაწერილია შესაბამის სტრატეგიებშიც, რომ ჩვენი პრიორიტეტი იქნება სწორედ თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ ანტისატანკო სისტემა Javelin-ების სახით”, – განაცხადა იზორიამ.

რაც შეეხება „რესპუბლიკელი“ სენატორის რენდ პოლის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოსთვის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვის დაბლოკვას ითხოვს. იზორიას თქმით, ეს მხოლოდ ერთი სენატორის ისტორიაა.

“რაც შეეხება სენატორების, ასევე, კონგრესმენების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობას, იგი მიმართულია იმისკენ, რომ მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და თქვენ მომავალ კვირაში იხილავთ ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა იზორიამ.

„რესპუბლიკელი“ სენატორი რენდ პოლი საქართველოსთვის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვის დაბლოკვას ითხოვს. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი რენდ პოლმა აშშ-ს სენატში დაარეგისტრირა.
რეზოლუციას, რომელიც სენატში 7 დეკემბერს დარეგისტრირდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს.

იტვირთბა....