საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხელ სააკაშვილმა უკრაინაში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე და სამომავლო გეგმებზე მედიასთან ისაუბრა. სააკაშვილი რამდენიმე უკრაინულლ ტელლეარხზე იყო მიწვეული. ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტობის ამბიცია არა აქვს. მისი მთავარი მიზანი მხოლო უკრაინელი ხალხის და ქვეყნის ფეხზე დაყენებაა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის გუნდს მომზადებული აქვს გეგმა, რომლის თანახმად, უკრაინაში რეფორმების გატარება 70 დღეში შესაძლებელი იქნება. ოპოზიციის ლიდერმა მოსამართლის გადაწყვეტილებაც შეაფასა და მიზეზიც დაასახელა, რატომ მოითხოვდა პროკურატურა მისთვის შინაპატიმრობას.
„რატომ აღმოვჩნდი დღეს სტუდიაში? იმიტომ, რომ მოსამართლე აღმოჩნდა გაბედული, რომელმაც მოისმინა საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ვიღაც მგელთან და კურდღელთან. ასე ეძახიან მთავარ მოწმეებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ მე ეფესბეს აგენტი ვარ. ამასთან ერთად ამბობდნენ, რომ მე სახლში უნდა გამომკეტონ, რადგან როგორც ეფესბეს აგენტს, თვითონ რუსეთის უშიშროება მომკლავდა.
მეორე მოტივად ასახელებდნენ იმას, რომ მე ვაჩვენებ დანაშაულებრივ განზრახვებს კოდირებულ პროგრამებში: “ვაიბერში”, “ვოთსაფსა” და “ტელეგრამში” საუბრით და ეს არის ნიშანი, რომ ჩემი სახლიდან გამოშვება არ შეიძლება. ისინი ხალხს ჰპირდებოდნენ, რომ იანუკოვიჩს ჩასვამდნენ, საბოლოოდ კი ჩამსვეს მე.
ყოჩაღ, ჩამსვეს რამდენიმე დღით, იანუკოვიჩი კი ერთი დღე მაინც ჩასვეს? დაადგინეს, რომ უკრაინაში ხელისუფლების გადატრიალება 210 ათასი დოლარი ღირს. ამას გვიმალავდით? თუ ჩვენს რეალობაში ამდენი ღირს ხელისუფლების ცვლილება, ტარიფების დაწევა, რომ ხალხი აღარ გაემგზავროს და ქვეყანამ სწრაფი განვითარება დაიწყოს, იქნებ ვინმემ მართლა გამონახოს 210 ათასი დოლარი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, კიევის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.უკრაინის გენერალური პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს. პროკურატურას გასაჩივრებისთვის 5 დღე აქვს.
უკრაინის პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკითხვაზე 18 დეკემბერს დაიბარა.