ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საგანი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ძალის არგამოყენებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხი.

“მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა. ხაზი გაუსვეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერება, უკანონო მილიტარიზაცია და რეგულარული სამხედრო წვრთნები ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას.

ქართველმა მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების გამო, კერძოდ სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო პოსტის შექმნა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებები ახალგორში ანალოგიური სტრუქტურის შექმნის შესახებ.

მწვავე დისკუსიის საგანი იყო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელება. მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან მოუწოდეს საოკუპაციო ხაზზე დახურული ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნისაკენ. ვრცლად იქნა განხილული თავისუფალი გადაადგილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის აუცილებლობა. აღინიშნა, რომ უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკა ახდენს ადგილზე ვითარების ესკალაციას.
მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე. ხაზგასმით აღინიშნა გალის რაიონის მაცხოვრებლების რთული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უცხოელებად დარეგისტრირება, მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შემდგომი შეზღუდვა, გვარებისა და ეროვნული იდენტობის შეცვლის იძულება შესაძლოა გახდეს ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის საფუძველი.
თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან დაგმეს ერედვსა და ცხინვალის რეგიონის სხვა ქართულ სოფლებში ეთნიკური ქართველების კუთვნილი კერძო საკუთრების მიზანმიმართული განადგურება. განხილულ იქნა გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები და ამ ვითარების დაუყოვნებლივ გამოსწორების აუცილებლობა. აღინიშნა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართული კვალის წაშლასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაციას.

ქართველმა მონაწილეებმა დააყენეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მათი ავთენტურობის შენარჩუნების აუცილებლობა. მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან კიდევ ერთხელ მოუწოდეს საოკუპაციო რეჟიმს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივ დაკავებისაკენ.ხაზი გაესვა გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საჭიროებას. ამ კონტექსტში გაიმართა ასევე საინფორმაციო სესია კატასტროფის რისკების შემცირებაზე.

საგნობრივი დისკუსია შედგა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა განცხადების პროექტზე ძალის არგამოყენების შესახებ. ქართველმა მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების, შესრულებისა და აღნიშნულის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით გარანტირების აუცილებლობას. განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, მონაწილეები შეთანხმდნენ, მომდევნო რაუნდზე გააგრძელონ მუშაობა პოზიციების დაახლოების მიზნით.თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს მოუწოდეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჟენევის ფორმატს და ჩაერთონ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებებში. ამის მიუხედავად, მათ კვლავ სცადეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებების ოთახი.

მონაწილეები დაემშვიდობნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენლს, ანტი ტურუნენს, და მადლობა გადაუხადეს მას თანათავმჯდომარის რანგში გაწეული რვა წლიანი ძალისხმევისთვის. მონაწილეები ასევე მიესალმნენ ევროკავშირის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარს, და მას ჟენევის მოლაპარაკებების წარმატებით თანათავმჯდომარეობა უსურვეს.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2018 წლის 27-28 მარტს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....