საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა. სააკაშვილის მომხრეები სასამართლოს წინ არიან შეკრებილები და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. მისმა მხარდამჭერებმა კიევის მთავარი მაგისტრალი “ხრეშატიკი” გადაკეტეს. ადგილზე სპეცრაზმის და სამართალდამცავების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.
მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.