ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატს დავით ლანჩავას პროვოკაციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და ლანჩავამ, რომელიც დამარცხდა, არჩევნების ჩაშლა სცადა. ხატიაშვილი ლანჩავას სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ არჩევნების დროს შუქის ჩაქრობის შესახებ ინფორმაცია მან მოიგონა. ამასთან ხატიაშვილის თქმით, კომისიის წევრს აღმოუჩინა ბიულეტენები, რომლებიც ლანჩავას გეგმის ნაწილი იყო, თითქოს არჩევნები ყალბდებოდა.
ხატიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მისი ლეგიტიმურობისთვის, თანახმაა მეორე ტური დაინიშნოს, რომელშიც მონაწილეობას პირველ ადგილზე გასული დავით ასათიანი და მეორე ადგილზე გასული ლევან ჯანაშია მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ასათიანი, რომელიც მოცემული დროისთვის არჩევნებში ლიდერობს, მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯანაშიას მეორე ტურს სთავაზობს. არჩევნებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაც.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია.
შეგახსენებთ, რომ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა. ებრალიძე დავითი – 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი – 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი – 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. რეგისტრაციის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო.