ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება 13 დეკემბერს დაიწყება.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
რომან გოცირიძის თქმით, ხელმოწერები პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია, რომელსაც კარგი საერთაშორისო რეზონანსი აქვს.
”ხელმოწერები, პეტიციები ხშირად სამართლებრივ დატვირთვასაც იძენს. ხელისუფლებები იძულებულნი არიან მათზე რეაგირება მოახდინონ. ეს პოლიტიკურ პროცესსაც სძენს დინამიკას. ხელმოწერას აქვს ძალა. საქართველოში 200 ათას ადამიანს რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირებაც კი შეუძლია. ხელმოწერებს საკითხისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამახვილების გარდა, მომხრეების კონსოლიდაციის ფუნქციაც აკისრია. თუნდაც პარტიის გუშინდელი განცხადება ავიღოთ: – არ დარჩენილა უკრაინაში არც ერთი სერიოზული გამოცემა, რომ იგი არ გაევრცელებინა. ძირითადი აქცენტი ხელმოწერების შეგროვებაზე კეთდებოდა. ასევე იყო მსოფლიო მედიაში მისი გაშუქებისას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გამოვიყენებთ პროტესტის სხვა კანონიერ, ყველაზე რადიკალურ ფორმებსაც. ჩვენი შემდგომი ქმედებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოვლენები უკრაინაში, რა ნაბიჯებს გადადგამენ იქაური და აქაური ოლიგარქიული ხელისუფლებები. ხელმოწერების შეგროვებას მომავალი კვირიდან ვიწყებთ. პეტიციაზე ხელმოწერის შესაძლებლობა ადამიანებს ექნება, როგორც ინტერნეტის, ასევე ნაბეჭდი ფორმის მეშვეობით: ქუჩაში, სავაჭრო ცენტრებში, თავშეყრის სხვა ადგილებში. პარლამენტი, ქუჩა, მედია, საერთაშორისო აქტივობა პოლიტიკური ბრძოლის ფორმებია და არცერთზე ვიტყვით უარს”, – განაცხადა გოცირიძემ.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წინასწარი მოთავსების იზოლატორში აგრძელებს. სასამართლო პროცესი კი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი დაპატიმრებიდან წინასწარ პატიმრობაში იგი კიდევ 2 დღე დარჩება. უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს გუშინ მიმართა, თუმცა ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია. 11 დეკემბერს გამოძიებას 72 საათიანი ვადა ეწურება.
გუშინ სააკაშვილმა Facebook-ზე განცხადება გაავრცელა.