ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი: ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში ისაუბრა.

ამის შესახებ 1tv წერს.

“ძალიან მძიმე შემთხვევა-არასრულწლოვანმა ბავშვებმა დახოცეს ერთმანეთი, ორი მიცვალებულია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას. არ არის საკმარისი ცოდნა მიიღონ სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება და განსაკუთრებით სულიერ აღზრდას. ალბათ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს ალბათ რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები, ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები“, – აღნიშნა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....