მიხეილ სააკაშვილი ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის სახლში დააკავეს.
უკრაინული მედიის, „hromadske.ua“-ს ინფორმაციით, პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, იური პოკინბოროდამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს. პოლკოვნიკ პოკინბოროდას ინფორმაციით, ის სააკაშვილთან ერთად უნდა დაეკავებინათ, თუმცა გუშინ არ დააკავეს.
პოკინბოროდას სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.
„კანონის თანახმად, მე მიხეილ სააკაშვილთან ერთად უნდა წავეყვანე წინასწარი დაკავების იზოლატორში, მაგრამ მე არ დამაკავეს. ჩაატარეს ჩხრეკა, გადმომცეს ოქმი ნივთების ამოღების შესახებ, რომელიც ჩემი ბინიდან ამოიღეს, მაგრამ არ დამაკავეს“, – განაცხადა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
თუმცა იური პოკინბოროდა, რომლის სახლშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, აცხადებს, რომ გარკვეულ პირებს უნდათ ის სააკაშვილის დაპატიმრებაში დაადანაშაულონ.
ყოფილი ხელმძღვანელი ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ გარკვეულ პირებს უნდათ ყურადღება გადაიტანონ მასზე და არა იმათზე, ვინც რეალურად მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცველებს სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ. პოკინბოროდა შიშობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„მე ჩავატარებ საკუთარ გამოძიებას და თუ მე რამე მომივიდა, ესე იგი სწორ კვალზე გავედი. ახლა მე თავისუფლებაზე დავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ იმედი აქვთ, ვინმე მომიშორებს, მიშას დაკავების გამო სამაგიეროს გადახდის მიზნით“, – აღნიშნა პოკინბოროდმა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ სააკაშვილის დაკავევბასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი დაპატიმრებიდან უკვე 12 საათი გავიდა და სავარაუდოდ, წინასწარ პატიმრობაში იგი კიდევ 2 დღე დარჩება. უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართავს, თუმცა ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია.
ცოტა ხნის წინ კი სააკაშვილმა Facebook-ზე განცხადება გაავრცელა.