ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე და ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები, გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, – ინფორმაციას და ამის ამსახველ ვიდეოს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სოსო რობაქიძემ ბრალდებულებს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის მოწმეების ჩვენებები შეახსენა და აღნიშნა, რომ ამ ჩვენებების მიხედვით, ბუტა რობაქიძესა და მის მეგობრებს იარაღი არ ჰქონიათ.
სოსო რობაქიძესა და ბრალდებულებს შორის დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა განმუხტეს.
შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს- დავით იაშვილს, ალექსანდრე გვაზავას, ირაკლი ფირცხალავას, გურამ დონაძეს, ზაზა ბაქრაძეს და ზურაბ მიქაძეს უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავებიან.